სახელს გაუფრთხილდით, არ არის პოლიტიკა თქვენი საქმე, – ასე მიმართავს პოლიტიკური მოძრაობა “გამარჯვებული საქართველოს” წევრი გუბაზ სანიკიძე ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს. მიზეზი თენგიზ ცერცვაძის რამდენიმე დღის წინანდელი ვიდეო მიმართვა გახდა, რომელშიც ის ზუგდიდის ადგილობრივ ხელისუფლებას აქებს და ისეთ საკითხებზე საუბრობს, რაც ეპიდემიას არ უკავშირდება.
სანიკიძემ თენგიზ ცერცვაძესთან დაკავშირებით გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ისაუბრა – ამბობს, რომ მაშინ როცა ქვეყანა ეპიდემიას ებრძოდა, ეპიდემიოლოგების საქმეში პოლიტიკოსები არ ჩარეულან და შესაბამისს ითხოვს მისგანაც.
“იფიქრეთ ძალიან დანაღმულ ველზე შემოდიხართ. ისე ნუ იზამთ, იმ ველზე შემოხვიდეთ, სადაც არაფერი გაგეგებათ და აუცილებლად შარში გაეხვევით. თუ გავითვალისწინებთ იმ ვერაგი კაცის არსებობას, როგორიცაა ბიძინა იანიშვილი, ძალიან ცუდად გამოგიყენებ. ასაკოვანი კაცი ხართ, მე ვერც უნდა გიბედავდეთ ამას, მაგრამ უმცროსი მეგობრის რჩევად მიიღეთ, დაანებეთ ამ საქმეს თავი, ძალიან ძვირად დაგიჯდებათ ჯანმრთელობის კუთხით, ბევრს ინერვიულებთ და მერე საქმე საქმეზე რომ მიდგება, ბიძინა რომ წავა ხელისუფლებიდან… ჩვენ უფრო ვუფრთხილდებით მემგონი თქვენს სახელს, ვიდრე თქვენ. დაანებეთ თავი, არ არის პოლიტიკა თქვენი საქმე. ვინმე მოვიდა, ჩაერია, გასწავლათ ეპიდემიას როგორ უნდა ებრძოლოთ? დაგეთანხმეთ, დაგიჯერეთ მაგრამ ეკონომიკურად ექიმები ვერ დააყენებთ ფეხზე ამ ქვეყანას”, – ამბობს სანიკიძე.