იმედია 16 მარტს, პროგრესს ნამდვილად ვიხილავთ, დიდხანს ვერცერთი ქვეყანა ვერ გაძლებს პოლიტიკურ კრიზისში – ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი, ჟოზეფ ბორელი

“იმედია 16 მარტს, ღარიბაშვილისგან პროგრესს ვიხილავთ “- განაცხადა, ვროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა და  ევროკავშირის წამყვანმა დიპლომატმა ჟოზეფ ბორელმა. მან,  ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე 16 მარტს ასოცირების საბჭოზე პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის მოსალოდნელი ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“სამწუხაროდ, ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება სერიოზული შეშფოთების საფუძველი გახდა ბოლო თვეების განმავლობაში, პოლიტიკური პოლარიზაციის ზრდის გამო. ეს ვითარება ქართული დემოკრატიისთვის საფრთხისშემცველ რისკებს ქმნის. კვლავ გავიმეორებ ჩვენს მტკიცე ხედვას, რომ აუცილებელია, ყველა მხარემ იმოქმედოს სიტუაციის დეესკალაციისა და საერთო ნიადაგის მოსაძებნად. ევროპული კომისიის პრეზიდენტი სულ ახლახანს ეწვია საქართველოს და ჰქონდა შესაძლებლობა შეხვედროდა პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს და მთავარი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. ამ ვიზიტის განმავლობაში, მან მიიღო მონაწილეობა პოლიტიკურ პარტიებს შორის დისკუსიაში და უკან დაბრუნების შემდეგ, გუშინ საღამოს განაცხადა, რომ საქართველოში ოფიციალურ წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს ევროკავშირის მხარდაჭერით გამართულ მედიაციაში მონაწილეობის მისაღებად გზავნის. მოუთმენლად ველით საქართველოში პოლიტიკური პარტიებს შორის დიალოგის გაგრძელებას. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ამ პროცესს. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ასევე გაუწევს ამ პროცესს მედიაციას. ყველა მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯი კომპრომისული შეთანხმების მიღწევის მიზნით. ყველა მხარემ თავი უნდა შეიკავოს პროვოკაციული ქმედებებისგან და რიტორიკისგან.  პროგრესის მიმართულებით, ევროკავშირი პრიორიტეტად ისახავს დემოკრატიის კონსოლიდაციას, საარჩევნო რეფორმის, პოლიტიკურ სტაბილურობის და ინკლუზიურ საპარლამენტო პროცესის ჩათვლით. დამოუკიდებელი და ამავდროულად ანგარიშვალდებული მართლმსაჯულება ასევე უპირატესი მნიშვნელობისაა. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა შევაფასოთ პროგრესი უახლოეს მომავალში, როდესაც 16 მარტს ასოცირების საბჭოზე საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდებით. ეს იქნება მნიშვნელოვანი თარიღი. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ პროგრესს ნამდვილად ვიხილავთ.ვერცერთი ქვეყანა ვერ გაძლებს პოლიტიკურ კრიზისში დიდი ხნის განმავლობაში. პოლიტიკური აქტორების ვალია ქართველი ხალხის წინაშე, რომ შესთავაზონ მათ სტაბილური პოლიტიკური კონტექსტი. პრეზიდენტ მიშელთან ერთად მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ აქტორს საქართველოში, უერთგულონ კონსტრუქციულ რეჟიმში წარმართულ დიალოგს, ყველა მხარისთვის მისაღები შედეგის მისაღწევად”, – განაცხადა ბორელმა.