“პირველივე დღეს, ჭიჭინაძის ქუჩის დასაწყისში, ჯერ კიდევ მაშინ, როცა სპეცრაზმიც და წყლის ჭავლიც კი არ იყო გამოყვანილი, მაშინ შემომეხვივნენ გარს, სრულიად აბსურდულ სიტუაციაში – მედიის მხარეს ვიდექი, ბევრ სხვა ჟურნალისტთან ერთად, იქ შემოცვივდნენ პირდაპირ. დაკავებამდე მცემეს – რამდენიმეწუთიანი ცემის შემდეგ, ვიღაცამ ახსენა, რომ ეს გაიყვანეთ და დააკავეთო.

ამის შემდეგ გადამცეს საპატრულო პოლიციას და გადამიყვანეს განყოფილებაში. 2 საათის შემდეგ, შემიდგინეს გაყალბებული ოქმი, თითქოს მე იქ ხმამაღლა ვიგინებოდი, რაზეც უარი ვთქვი, რადგან ვასრულებდი ჩემს პროფესიულ მოვალეობას, ვიყავი კამერებით. უნდა ვკითხო, სად წაიღეს ჩემი კამერები, სადმე თუ დაალომბარდეს, რადგან დღემდე გამქრალია. იმედი მაქვს, რომ ჩემი გატეხილი ცხვირით ვინმეს ხელი არ ვატკინე და უარეს შედეგს არ მივიღებ.

ვადევნებდი თვალს სერგი ბარამიძის [“მთავარი არხის” ოპერატორი] საქმესაც, მაშინაც იქ ვიყავი, ვმუშაობდი და მახსოვს, ფოტოებს ვიღებდი და ჩემ კადრშიც მოხვდა, როგორ აბსურდულ სიტუაციაში დააკავეს და იძალადეს მასზეც. მაშინ მივხვდი, რომ ალბათ მეც დამიბარებდნენ”,

გამოცემა პუბლიკის რეპორტიორი, ალექსანდრე ქეშელაშვილი შსს-ს მიერ მის წინააღმდეგ სასამართლოსთვის მიმართვას ეხმიანება.

ცნობისთვის,  გუშინ, “პუბლიკის” ნაცემი რეპორტიორის, ალექსანდრე ქეშელაშვილის წინააღმდეგ შსს-მ სასამართლოს მიმართა.