საქართველოს საპატრიარქოს დიდი ბრიტანეთის ეპარქიის მანჩესტერის ქართული სამრევლოს წინამძღვარი, დეკანოზი ილია ჭიღლაზე სოციალურ ქსელში 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეს ეხმიანება.
“გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა ეროვნული ტრაგედიაა და ამ ტრაგედიას აორკეცებს ე.წ. სამართალდამცავი ორგანოების უსუსურობა-არაპროფესიონალიზმი, ან სულაც დანაშაულებრივი თანამონაწილეობა საქმეში, რაც ყოველდღიურად საცნაური ხდება ახალახალი ფაქტების გახმაურებით. სახეზეა სახელმწიფო სტრუქტურების უდიდესი ხრწნა, კრიმინალური სამყაროს გაძლიერება და საქართველოს სახელმწიფოს მიზანმიმართული ნგრევა პირადი ეგოისტური სურვილების დაკმაყოფილების ხარჯზე.
იმედია, ოქტომბრის არჩევნები წერტილს დაუსვამს ოლიგარქიას, კრიმინალის აღზევებას და სახელმწიფოს ნგრევას, სხვა შემთხვევაში საქართველოს განუზომლად მეტი “შაქარაშვილები” და “სალარიძეები” ეყოლება, ისედაც უკვე რამის ყოველდღე სადისტური მკვლელობები ხდება ამ პატარა ქვეყანაში, გუშინ ციხიდან 10 დღის გამოსულმა მკვლელობისთვის ნასამართლევმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა მცხეთაში.
ამ ყველაფერს ხელს უწყობს სისხლის სამართლის კოდექსის ზედმეტი სირბილე მკვლელობის უმძიმეს და გამოუსწორებელ დანაშაულზე, სანქცირებული 7-15 წლიანი პატიმრობა განზრახ მკვლელობაზე ნამდვილად ჩალის ფასს ადებს ადამიანის სიცოცხლეს.
ღმერთმა ინებოს სიმართლის და კანონიერების დამყარება ამ ჩვენს გაძაღლებულ სამშობლოში, ამის დიდი იმედი მაქვს. უსამართლობის და დაუცველობის განცდა ყველაზე დიდი სტრესია ადამიანისთვის. ქართველი ხალხის უდიდესი პრობლემა არის ის, რომ კანონმორჩილ საზოგადოებად ვერ ჩამოვყალიბდით, სხვადასხვა ტიპის “ავტორიტეტები” უფრო მაღლა დგანან, ვიდრე კანონი, სამართალი, სიმართლე, პატიოსნება და სხვა ჭეშმარიტი ღვთაებრივი ღირებულებები.
ამიტომ ჩვენი დღევანდელი ყოფა უფრო პირველყოფილ ჯოგს ემსგავსება, ვიდრე ცივილიზებულ საზოგადოებას. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეროვნულ-სოციალურ ასპექტებში ყველაზე დიდი ფასეულობა სამართლებრივი ქართული სახელმწიფოა, სხვანაირად ძლიერი საქართველო ვერ იარსებებს, სამშობლო კი ჯოჯოხეთად ქცეული ტერიტორია იქნება დედამიწაზე”, – წერს დეკანოზი ჭიღლაძე სოციალურ ქსელში.