დანიაში საქართველოს ელჩი, გიგი გიგიაძე ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას პატიმრობის გირაოთი შეცვლასა და გათავისუფლებას ულოცავს.
მისი თქმით, იმედი აქვს, რომ ბრალდება გამამართლებელი განაჩენით შეიცვლება, რადგან მათი ბრალებულობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს.
“მთელი გულით ვულოცავ ბატონ ივერი მელაშვილსა და ქალბატონ ნატალია ილიჩოვას, ასევე მათ ოჯახებს საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გირაოს სანაცვლოდ მათი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, პირველი ნაბიჯია საბოლოო გამარჯვების გზაზე და კიდევ ერთხელ იმედს ვიტოვებ, რომ მათდამი წაყენებული ბრალდება ძალიან მალე შეიცვლება ცალსახად გამამართლებელი განაჩენით. მით უმეტეს, რომ არანაირი დანაშაული და ბრალეულობის დამადასტურებელი გარემოება არ არსებობს დღეს, ისევე როგორც არ არსებობდა ოთხი თვის წინ. გულწრფელად მიხარია ამ ორი უაღრესად პატიოსანი და პატრიოტი ადამიანის დანახვა საპყრობილის გარეთ!”. – წერს გიგიაძე Facebook–ზე.
მან ივერი მელაშვილის მხარდამჭერი პოსტი ადრეც დაწერა, რომ მისთვის წარდგენილი ბრალდება “აბსურდულად და საღ აზრს მოკლებულად” შეაფასა.
ფორმულას ინფორმაციით, კარტოგრაფებისთვის მხარდაჭერის საჯაროდ გამოცხადების შემდეგ გიგაძე დიპლომატიურ რეზერვში გადაიყვანეს.