ინდოეთში გაუპატიურებაში ბრალდებული 4 მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს

დელიში სიკვდილით დასაჯეს ოთხი მამაკაცი, რომლებმაც 2012 წელს ავტობუსში ახალგაზრდა გოგო გააუპატიურეს და სასტიკად სცემეს. ისინი ინდოეთის დედაქალაქში მდებარე ტიხარის ციხეში ჩამოახრჩეს. ეს არის პირველი სიკვიდილით დასჯის ფაქტი ინდოეთში 2015 წლის შემდეგ.
ეს მამაკაცები დამნაშავედ 2013 წელს სცნეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. თუმცა განაჩენის სისრულეში მოყვანა აპელაციების გამო გაჭიანურდა.

სტუდენტი გოგო, რომელიც სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა ექვსმა მამაკაცმა ავტობუსში მგზავრობისას გააუპატიურა. რამდენიმე დღეში გოგო მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა. ამ დანაშაულმა მთელ ინდოეთში აღშფოთების უზარმაზარი ტალღა გამოიწვია და სათავე დაუდო მოძალადეების წინააღმდეგ ახალი კანონების მიღებას.

ინდოეთის კანონის მიხედვით გოგოს სახელი გასაიდუმლოებულია. მას პრესაში ნირბხაიად მოიხსენიებენ, რაც თარგმანში “უშიშარს“ ნიშნავს.
პოლიციამ ექვსი ეჭვმიტანილი დააკავა. თუმცა ერთ–ერთი მათგანი, რამა სინგხა 2013 წელს ციხეში გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდოდ მან თავი მოიკლა.

მეორე დაპატიმრებული დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის 17 წლის იყო. მან სამი წელი გაატარა ციხეში, რაც არასრულწლოვანისთვის ინდოეთში პატიმრობის მაქსიმალური ვადაა.

ყველა სიკვდილმისჯილმა განაჩენი ინდოეთის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. ისინი სიკვდილით დასჯის სამუდამო პატიმრობით შეცვლას ითხოვდნენ, თუმცა მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს.

განაჩენის აღსრულების შემდეგ მსხვერპლის დედამ განაცხადა: “ჩემი შვილის ფოტოს ჩავეხუტე და ვუთხარი, რომ სამართალმა ბოლოს და ბოლოს იზეიმა“.

ციხეს, სადაც სიკვდილით დასჯა შედგა წესრიგის შესანარჩუნებლად სამოქალაქო და სამხედრო პოლიციის გაძლიერებული რაზმები იცავდნენ.

ციხესთან პლაკატიანი ადამიანები შეიკრიბნენ. ისინი განაჩენის სისრულეში მოყვანის შემდეგ კმაყოფილებას გამოხატავდნენ და მოძალადეების დასჯას ზეიმობდნენ. ქვეყნის პრემიერმა, ნარენდრა მოდიმ ტვიტერში დაწერა, რომ სამართლიანობა აღდგა და დასძინა, რომ ინდოეთში ქალთა ემანსიპაციას დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს.

რა მოხდა 8 წლის წინ?

გოგონა და მისი შეყვარებული 2012 წლის 16 დეკემბერს კინოთეატრიდან სახლში ავტობუსით ბრუნდებოდნენ. ავტობუსში მამაკაცების ჯგუფმა გოგონას დაცინვა დაუწყო, რაზეც მისმა შეყარებულმა მამაკაცებს შენიშვნა მისცა. ამის შემდეგ კაცების ჯგუფი წყვილს თავს დაესხა.

პოლიციის მონაცემებთი გოგონას თითქმის ერთი საათი აუპატიურებდნენ. მისი შეყვარებული კი რკინის ჯოხებით სცემეს და ავტობუსიდან გზაზე გადააგდეს. გოგონა საავადმყოფოში მოხვდა, სადაც ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.