ინტერპოლმა Covid19-ის ყალბი ვაქცინების ქსელი გაანადგურა

ინტერპოლის ცნობით ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკასა და ჩინეთში Covid19-ის ყალბი ვაქცინების ქსელი გაანადგურა, ამოღებულია ათასობით უკანონო ვაქცინა, დააპატიმრეს ადამიანები ორ კონტინენტზე.

ინტერპოლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხრეთ აფრიკაში დაახლოებით 400 ამპულა აღმოჩნდა, რაც 2400 დოზის ეკვივალენტია. ყალბი ვაქცინები გაუთენგში, ჯერმისტონში მდებარე საწყობში აღმოაჩინეს.

“ოფიცრებმა ასევე აღმოაჩინეს დიდი რაოდენობით გაყალბებული სამედიცინო ნიღბები. დააპატიმრეს ჩინეთის სამი და ზამბიის ერთი მოქალაქე“ – ნათქვამია განცხადებაში, რომლის მიხედვით ჩინეთში პოლიციამ წარმატებით გამოავლინა ქსელი, რომელიც კორონავირუსის ყალბი ვაქცინებით ვაჭრობდა, ჩაატარა ჩხრეკა საწარმოო ფართებში და შედეგად დაახლოებით 80 ეჭვმიტანილი დააკავა, ადგილზე ამოიღო 3000–ზე მეტი ყალბი ვაქცინა.

“მართალია ჩვენ მივესალმებით ამ შედეგს, თუმცა ეს მხოლოდ აისბერგის წვერია, როცა საქმე ეხება Covid19-ის ვაქცინის საკითხს “– თქვა ინტერპოლის გენერალურმა მდივანმა იურგენ სტოკმა.

ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჩინეთის მთავრობა ვაქცინების უსაფრთხოებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და გააგრძელებს “ინტერპოლთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას ვაქცინებთან დაკავშირებული უკანონობის საქმეში“.

ინტერპოლი აცხადებს, რომ მათ აქვთ დამატებითი ცნობები ყალბი ვაქცინების გავრცელებისა და თაღლითობის მცდელობების შესახებ, რომელთა სამიზნე ჯანდაცვის ორგანოები და ხანდაზმულთა სახლებია.

ინტერპოლი აფრთხილებს საზოგადოებას, რომ ამჟამად არ არსებობს რეგულატორების მიერ დამტკიცებული რამენაირი ვაქცინა, რომელიც ინტერნეტით იყიდება და ნებისმიერი ვაქცინა, რომლის რეკლამირება ვებგვერდებზე ან ჩრდილოვანი ქსელებით ხდება არ იქნება კანონიერი, ტესტირებული, და შესაძლოა საშიში იყოს ჯანმრთელობისთვის.

განცხადებაში ნათქვამია რომ ყველა, ვინც გაყალბებულ ვაქცინებს ყიდულობს საფრთხეში აგდებს საკუთარ თავს და აფინანსებს ორგანიზებულ დანაშაულს.