კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ დაიკეტა. “პრაიმტაიმი” ავრცელებს კლინიკის გენერალური დირექტორის ანზორ მელიას განცხადებას, რომელიც აცხადებს, რომ კლინიკაში მომუშავე 40 ექიმსა და 45 ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა რაც კლინიკის დახურვის მიზეზი გახდა. ანზორ მელიას განცხადებით, ინფექციის გავრცელების წყარო პაციენტი იყო, რომელმაც მოიტყუა, რომ სიცხეები არ ჰქონია.
“ჩვენ 10 დეკემბრამდე დავიხურეთ, რადგან თითქმის ყველა ექიმის კოვიდი აქვს, მეც კოვიდი მაქვს, სასწრაფო მთლიანად ინფიცირებულია. სულ 200- მდე თანამშრომელი გვყავს, ინფიცირებულია 40 ექიმი, 45 ექთანი და 30 სანიტარი. მათგან ზოგი სასტუმროში მკურნალობს, ზოგი სახლში. სახლში ვმკურნალობ მეც, იზოლაციაში ვარ, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ინფიცირებულია, ასევე, ჩვენი ტექნიკური პერსონალი.ჩვენ მკაცრი ზომები მივიღეთ კოვიდის დაწყებიდან, მაგრამ ვირუსი შემოგვეპარა. ვირუსი ჩვენთან ავადმყოფმა მოიტანა, მოგვატყუა, რომ სიცხეები არ ჰქონია და თურმე, ამ ავადმყოფს ოთხი დღე სიცხე ჰქონდა. როცა გაურთულდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, თქვა, რომ ოთხი დღეა, რაც სიცხე მაქვსო. ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ ჩვენ გადმოგვადო ვირუსი“,- განაცხადა ანზორ მელიამ “პრაიმტაიმთან”.