“იპოდრომი -უბეტონო მხარე” – მოსახლეობა პროექტის შეჩერებას ითხოვს

“იპოდრომი – უბეტონო მხარე” – იპოდრომზე მოსახლეობა წარდგენილი, პროექტის შეჩერებას ითხოვს  და საპროტესტო აქციას მართავს. ისინი მერიისგან პარკის  ახალი პროექტის წარდგენას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, წარდგენილ პროექტში,  ბევრი ბეტონი და შენობაა, რაც პარკს მთლიანად უცვლის დანიშნულებას.

“იპოდრომი ჩვენს ქალაქში ერთ-ერთი განსაკუთრებული სივრცეა, რომელიც ღრმა ამოსუნთქვასავითაა საბურთალოს ხმაურიან განაშენიანებაში. იპოდრომს განსაკუთრებული ისტორია, ხასიათი, სპეციფიკა და მნიშვნელობა გააჩნია. მისი განსაკუთრებულობა გახსნილ სივრცესა და ბუნებრივობაშია. იპოდრომმა წლების განმავლობაში მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი გარემოს, ხასიათის, ავტონომიურობის, კლიმატის და ბგერითი იზოლაციის შენარჩუნება მოახერხა. იპოდრომი ადამიანებს ჩუქნის თავისუფალი არჩევანის და ბუნებრივ ლანდშაფტში დასვენების შესაძლებლობას.
იპოდრომს ყოველდღიურად უამრავი ადამიანი და ჯგუფი სტუმრობს დასვენებისთვის, სპორტული აქტივობისთვის, გართობისთვის და ა. შ.
თბილისის მერიის მიერ დაანონსებულ „ცენტრალ პარკის“ პროექტში გათვალისწინებული არ არის არც პარკის ისტორია, არც მისი განსაკუთრებული სპეციფიკა, მისი ბუნებრივი განაშენიანება და არც მისი „მომხმარებელი“. პროექტი წარმოდგენილია, როგორც პარკის შექმნის მიზანი, მაშინ როდესაც იპოდრომი უკვე ასრულებს პარკის ფუნქციას და მან ეს ფუნქცია წლების განმავლობაში თავისთავად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე შეითავსა.
პროექტი ყველასგან უჩუმრად, ყოველგვარი კონკურსის და საჯაროობის გარეშე დამუშავდა.
იპოდრომი დგას საფრთხის წინაშე. მისი გადაკეთება გასართობ-სარესტორნო-საპარკინგე სივრცედ მთლიანად უარყოფს მის ავთენტურ, ისტორიულად მნიშვნელოვან ფუნქციას.
ჩვენ სულაც არ ვართ პარკის მოწყობის და იპოდრომის გაუმჯობესების წინააღმდეგები. ჩვენი სურვილია იპოდრომი გახდეს უკეთესი სარეკრეაციო სივრცე, მეტი ბუნებრვი ლანდშაფტით და ნაკლები ხელოვნური ჩარევით.
• მოვითხოვთ შეწყვიტონ იპოდრომის ისტორიული მნიშვნელობის წაშლა.
• მოვითხოვთ ალტერნატიული პროექტის დამუშავებას, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ქალაქის, უბნის და თავად იპოდრომის განაშენიანების სპეციფიკა, მოსახლეობის და იპოდრომის “მომხმარებლების” აზრი და რეალური საჭიროებები.
• მოვითხოვთ, პროექტი აკმაყოფილებდეს საჯარო პროექტისთვის შესაბამის ღიაობას და სიაშკარავეს” – ნათქვამია, აქციის ორგანიზატორების, მიერ გავრცელებულ განცხადებაში.