ბათუმში დაკავებული თემურ ქათამაძე [ჯაფარ ილმაზი] აცხადებს, რომ მასზე დაკავების შემდეგ ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ 10 პოლიციელთან ერთად იძალადა. ამის შესახებ თემურ ქათამაძე ბათუმელებისთვის გაგზავნილ წერილში წერს.
„11 იანვარს ბათუმის სამმართველოს წინ მიმდინარე აქციაზე უკანონო დაკავების შემდეგ, ირაკლი დგებუაძე და 10 პოლიციელი 10 წუთის განმავლობაში ფიზიკურად მისწორდებოდნენ მის კაბინეტში. გაშლილი ხელებით ხელის შიდა არეს მირტყამდნენ თავზე, სახეზე. დივანზე 2 პოლიციელი ხელებს მიჭერდა. ამ ცემის შემდეგ ოფიცერი თენგიზ კვირკველია დამემუქრა ასეთი სიტყვებით: „ბოლოს შენც მოხვდი აქ, მედროშე ბაბუ! მე შენ გიცნობ, უწყების პასუხი ჩაგაბარე. შენ ახლა მოგიწევს დეპორტი“.
მე ვუპასუხე: „აჰა, შენ ის ხარ, ვინც ჩამაბარა ყალბი დოკუმენტი იაგო დავითაძის [ხელვაჩაურის პოლიციის მოქმედი უფროსის] წინააღმდეგ საჩივრის შეწყვეტისთვის?“…
ჩემი ცემა-ტყეპის დროს უცენზურო შეურაცხყოფა მომაყენეს – „დედა, მამა, ბაბუა, ბებია, აკვანში ჩვილი შვილი, ჯიშ-ჯილაგზე შემაგინა 10-მა პოლიციელმა ირაკლი დგებუაძის მონაწილეობით. ასევე რასისტული სიტყვებით „შენო ძაღლო და თურქო, რა გინდა საქართველოში, გაეთრიე აქედან“.
მე ვუპასუხე: „თურქს ნუ მეძახით, მე თურქი არ ვარ, მე სულით და გულით ქართველი ვარ-მეთქი“.
მიპასუხეს – „მაშინ საქართველოში რატომ არ დაიბადე? საქართველოს მოქალაქეობა არ გაქვს?“ ვუპასუხე, რომ 10 წლის განმავლობაში სამჯერ მივმართე [საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად].
შემდეგ ჩემი თანდასწრებით იგივე კაბინეტში გელა ბასილაძის [ჩემი ცემა, შეურაცხყოფის მხილველი, ის ბრძანებას აძლევდა მოძალადე პოლიციელებს] თენგიზ კვირკველიას და ბექა ღომიძის მეთაურობით… შეადგინეს ყალბი დაკავების ოქმი…“ – ვკითხულობთ წერილში, რომელიც „ბათუმელებს“ თემურ ქათამაძემ ციხიდან გამოუგზავნა.
ცნობისთვის,თემურ ქათამაძე ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ორჯერ დააკავა. 16 იანვარს ის თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ კი, ხელმეორედ დააკავეს. 18 იანვარს მას 3-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს. 17 იანვარს მან პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.