ირანის ელჩი მოსკოვში ამბობს, რომ თეირანმა მოსკოვთან შეთანხმება გააფორმა და 60 მილიონი რუსული წარმოების კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა. რუსულ სააგენტოებთან საუბრის დროს კაზე ჯალალი ამბობს, რომ გარიგების შედეგად, ირანი მიიღებს 30 მილიონი ადამიანის სრული იმუნიზაციისთვის საჭირო ვაქცინების რაოდენობას. მისივე ცნობით, ვაქცინებს ირანი რამდენიმე ეტაპად მიიღებს, 60 მილიონი დოზის მიწოდება ირანისთვის დეკემბრამდე მოხდება.
სპუტნიკ V-რუსეთმა რამდენიმე თვის წინ ჩაუშვა წარმოებაში, თუმცა ვაქცინის ვარგისიანობასა და უსაფრთხოებაზე ამ დრომდე არ უმსჯელიათ არცერთ კრიტიკულ მარეგულირებელს. რუსეთი ჩინეთის მსგავსად არ ასაჯაროებს კვლევისთვის საჭირო დოკუმენტაციას. სპუტნიკი ვექტორული ტიპის ვაქცინაა, რომელიც ადამიანის ადენოვირუსზე არის დაფუძნებული.
რაც შეეხება ირანს, ქვეყანაში მეოთხე ტალღის შესაჩერებლად ემზადებიან, უკვე შემოღებულია 10 დღიანი ლოქდაუნი. ირანში 83 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ამ დროისთვის თეირანის მტკიცებით ინფიცირებულია 2.1 მილიონი ადამიანი, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 65 000-აჭარბებს.
წყარო: ამერიკის ხმა