ირანის ხელისუფლებამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი დააკავა მას შემდეგ, რაც მან საპროტესტო აქციების მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა. მას ბრალი წაუყენეს “ტყუილის გავრცელებაში” საპროტესტო აქციების შესახებ, რომლებმაც ქვეყანა მოიცვა.
მსახიობი ტარანე ალიდოსტი ღიად აკრიტიკებდა ირანის მთავრობის მცდელობებს არეულობის ჩასახშობად და ნოემბერში დემონსტრანტებისადმი სოლიდარობის ნიშნად ინსტაგრამზე ჰიჯაბის გარეშე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. მან გასულ კვირას ინსტაგრამზე პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც დაგმო ანტისამთავრობო დემონსტრანტის სიკვდილით დასჯა. მანამდე 38 წლის ქალმა თავის პუბლიკაციაში საერთაშორისო ორგანიზაციები გააკრიტიკა იმის გამო, რომ მათ მოჰსენ შეკარის სიკვდილით დასჯა თავიდან ვერ აიცილეს. 8 დეკემბერს ის ჩამოახრჩვეს პრო-სამთავრობო გასამხედროებული ჯგუფის, ბასიჯის წევრზე თავდასხმისა და ასევე თეირანის ქუჩაზე მოძრაობის შეფერხების ბრალდებების გამო.
“მისი სახელი იყო მოჰსენ შეკარი. ყოველი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც თვალყურს ადევნებს ამ სისხლისღვრას და არანაირ ზომებს არ იღებს, კაცობრიობის სირცხვილია”, – დაწერა მან.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს IRNA-ს ცნობით, მსახიობი პოლიციამ დააკავა, რადგან “მან ვერ შეძლო რაიმე საბუთების წარმოდგენა მისი პრეტენზიების დასადასტურებლად“.
მსახიობის ექაუნთი, რომელსაც 8 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა, ცოტა ხნის წინ წაიშალა.
38 წლის ალიდოსტი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ირანელი მსახიობია. მან მონაწილეობა მიიღო ფილმში „გამყიდველი“, რომელმაც 2016 წელს საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის ოსკარი მიიღო.
საპროტესტო აქციების ტალღამ, რომელიც ირანში წელს დაიწყო, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა ირანის რეჟიმისთვის 1979 წლის რევოლუციის შემდეგ.
საპროტესტო ტალღა ირანში მას შემდეგ დაიწყო, რაც 22 წლის მაჰსა ამინი, ქურთული წარმოშობის ირანელი, პოლიციის განყოფილებაში 16 სექტემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ის ზნეობის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ისლამური ჩაცმულობის კოდექსის სავარაუდო დარღვევისთვის.
ამის შემდეგ ქალები, უნივერსიტეტის სტუდენტები და სკოლის მოსწავლეებიც კი გამოვიდნენ ქუჩებში ხელისუფლების თვითნებობის გასაპროტესტებლად. დემონსტრაციები ძირითადად მშვიდობიანია, ქალები და გოგონები თავსაბურავს იხსნიან და ქუჩებში წვავენ, ანტისამთავრობო ლოზუნგებს ყვირიან და სამართალდამცავებს უპირისპირდებიან.
ირანის ხელისუფლება, რომელიც ამ ტალღას ვერ აჩერებს, პროტესტს ბუნტს უწოდებს და ყველაფერში თავის მთავარ მოწინააღმდეგეს – აშშ-ს, ასევე მის მოკავშირეებს, პირველ რიგში, ისრაელს და დიდ ბრიტანეთს ადანაშაულებს. ამავდროულად, ირანის ხელისუფლებამ უკვე დააკავა ათასობით მომიტინგე, მათ შორის მეცნიერები, ჟურნალისტები და იურისტები და დემონსტრანტების დასაშლელად ძალას იყენებს.
ადამიანის უფლებათა აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ჯერჯერობით, უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს მინიმუმ 488 დემონსტრანტი და დააკავეს კიდევ 18,259. სააგენტო ასევე იტყობინება უსაფრთხოების ძალების 62 წევრის დაღუპვის შესახებ.
ხელისუფლებამ ორი ადამიანი უკვე სიკვდილით დასაჯა მას შემდეგ, რაც ისინი დამნაშავედ ცნეს „ღვთის წინააღმდეგ მტრობაში“. ირანის კანონმდებლობა აღწერს ამ დანაშაულს, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოების შელახვას იარაღით სიცოცხლისა და ქონებისთვის საფრთხის შექმნას.
უფლებადამცველი ჯგუფები ამტკიცებენ, რომ სასამართლო პროცესები, რომლებიც მომიტინგეებისთვის სიკვდილით დასჯას იწვევს, სათანადო სამართლებრივი პროცედურების გარეშე მიმდინარეობს.
დეკემბრის დასაწყისში Amnesty International-მა განაცხადა,მისი აზრით, კიდევ 18 მომიტინგეს სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა. მათგან 12 უკვე რასამართლდა და მიესაჯა სიკვდილით დასჯა, დანარჩენების საქმეები კი სასამართლოა და ბრალდება სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.
ირანი ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილზეა სასიკვდილო განაჩენების რაოდენობით ყოველწლიურად, გავრცელებული ინფორმაციით, 2017 წლის შემდეგ პირველად წელს სიკვდილით დასჯილთა რიცხვმა 400-ს გადააჭარბა.