ევროპული საქართველოს წევრის, გიგი უგულავას განცხადებით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის ცენტრალური ოფისისკენ სპეცრაზმი შეიძლება დაიძრას.
“დღეს მთელი დღის განმავლობაში ივანიშვილის ტელევიზიებს გქონდათ ჰედლაინად გამოტანილი მელიას დასასრული. მეგობრებო, დღევანდელი დღე არ არის ნიკა მელიას დასასრული. ჩვენს თვალწინ იბადება ახალი ეროვნული მოძრაობა. სამწუხაროდ, იბადება ბრძოლით, იბადება შრომით, იბადება დაპისრისპირებაში, მაგრამ იბადება იმიტომ, რომ მთავარი, რაც ამ ქვეყანას გამოარჩევს რეგიონის ყველა ქვეყნებიდან, ეს არის თავისუფალი ხალხის თავისუფლების სიყვარული. ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რომ სპეცრაზმი შეიძლება დაიძრას, რაზეც ჩვენი ერთობლივი პასუხი არის, სიტყვები ფსალმუნიდან – „ისინი ეტლებითა და ჰუნებითა, ხოლო ჩვენ სახელითა უფლისათა ველოდით მათ”. მოვლენ, დავხვდებით”,– თქვა უგულავამ.
ცნობისთვის, საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა. პროკურორის განმარტებით, მას გონივრულ ვადაში დააკავებენ. სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს კახეთის გზატკეცილზე, შსს–ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე სამართალდამცავების მობილიზება შეინიშნებოდა.