ისრაელის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელის მიერ დაწყებული შეტევა დაბლოკილ პალესტინურ ანკლავში, მიზნად ისახავს გაანადგუროს ჰამასის უნარი, მართოს ღაზა.
”არმია ომის შემდეგი ეტაპისთვის ემზადება” – თქვა მან და დასძინა, რომ შაბათის შემდეგ დაღუპულია 222 ებრაელი ჯარისკაცი.
იქნება თუ არა შემდეგი ეტაპი სახმელეთო ოპერაცია – ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ჯერ შესაბამისი გადაწყვეტილება არ მიუღია.
”ველოდებით რას გადაწყვეტს ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობა შესაძლო სახმელეთო შეტევის შესახებ. გადაწყვეტილება ამის შესახებ ჯერ მიღებული არ არის. მაგრამ ჩვენ ვემზადებით სახმელეთო მანევრისთვის, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული” – უთხრა ჟურნალისტებს არმიის წარმომადგენელმა რიჩარდ ხეხტმა.
ამ დროისთვის ისრაელის არმიამ ათეულობით ათასი სამხედრო მოსამსახურე განალაგა ღაზას სექტორის საზღვართან და საჰაერო კამპანიას განაგრძობს, რომელიც ისრაელის განცხადებით ანკლავში ჰამასის ოპერატიული ცენტრების, ინფრასტრუქტურის და მეთაურობის გასანადგურებლად მიმდინარეობს.
- “ჩვენ ვემზადებით ომის შემდეგი ეტაპებისთვის… რათა მზად ვიყოთ მრავალრიცხოვანი ოპერატიული მოქმედების გეგმებისთვის, გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევაში”.-განაცხადა რიჩარდ ხეხტმა.
მისი თქმით, შესაძლო ოპერაცია ჩატარდეს ჰაერიდან, თუმცა შეიძლება კომბინირებული იყოს – ზღვიდან და ჰაერიდან ერთდროულად.
ისრაელი კვლავ ინარჩუნებს ღაზას სრულ ბლოკადას – შეწყვეტილია ელექტროენერგიის, წყლის და საწვავის მიწოდება.
ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ მიწოდება მანამ არ განახლდება, სანამ ჰამასის ბოევიკები ყველა მძევალს არ გაათავისუფლებენ, ვინც ღაზას სექტორში ჰყავთ დატყვევებული.
- ისრაელის თავდაცვის ძალები კი აცხადებს, რომ ისინი ჰამასთან ომში არიან და არ არიან ვალდებული მათ მომარაგებაზე იზრუნონ:“დიახ, ჩვენ კვლავ ყოველდღიურად ვიღებთ შეტევებს ჰამასის ტერორისტებისგან.ჩვენ არ მოვამარაგებთ ჰამასს არაფრით, არანაირი პროდუქტით. ჩვენ ჰამასთან ომში ვართ. ეს ომი მათ დაიწყეს. ჩვენ არანაირი სამართლებრივი ვალდებულება არ გვაქვს, ჩვენი მტერი რამით მოვამარაგოთ. ისრაელის თავდაცვის ძალებს არჩევანი არ აქვს. ჩვენ საკუთარ ოჯახებს ვიცავთ“.