ისრაელმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთის მოსახლეობას 24 საათში ევაკუაციისკენ მოუწოდა. გაერო აპროტესტებს

ისრაელმა ოფიციალურად დაადასტურა ბრძანება ღაზას სექტორის ჩრდილოეთით მცხოვრებთა ევაკუაციის შესახებ

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ მათ მოუწოდეს ქალაქ ღაზას  ყველა მაცხოვრებელს, დატოვონ სახლები და  ანკლავის სამხრეთით გადავიდნენ, „მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.

“ისრაელის შეიარაღებული ძალები მოუწოდებს ღაზას ყველა სამოქალაქო პირს, საკუთარი უსაფრთხოებისა და დაცულობისთვის დატოვონ სახლები და გადავიდნენ  ღაზას სექტორის სამხრეთით, როგორც ეს რუკაზეა ნაჩვენები“, – თქვა არმიის სპიკერმა ჯონათან კონრიკუსმა ადრე დილით ტვიტერში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

მანამდე გაერომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ  ისრაელმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ მაცხოვრებლებს ტერიტორიის უახლოესი 24 საათის განმავლობაში დატოვება უბრძანა

გაერომ მიიღო ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილის მცხოვრებლებს 24 საათის განმავლობაში ანკლავის სამხრეთით გადაადგილება უბრძანა, განაცხადა ორგანიზაციის გენერალური მდივნის წარმომადგენელმა სტეფან დუჟარიკმა.

„გაერო კატეგორიულად ითხოვს ნებისმიერი ასეთი ბრძანების გაუქმებას, თუ დადასტურდება, რათა თავიდან იქნას აცილებული ისედაც ტრაგიკული სიტუაციის კატასტროფულად გადაქცევა“, – თქვა მან.

ბრძანება, რომელიც პარასკევს შუაღამისას გამოვიდა, ეხება დაახლოებით 1,1 მილიონ ადამიანს – მთელი ღაზას სექტორის მოსახლეობის ნახევარს, გაეროს მონაცემებით. ზოლის ჩრდილოეთით არის მჭიდროდ დასახლებული ქალაქი ღაზა.

მისი თქმით, ისრაელის სამხედროებმა ღაზაში მომუშავე გაეროს ოფიციალური პირებს აცნობეს, რომ ბრძანება ასევე ეხება ორგანიზაციის ყველა თანამშრომელს და მის შენობაში მყოფებს, მათ შორის სკოლებსა და საავადმყოფოებს.

„გაერო შეუძლებლად მიიჩნევს, რომ ასეთი ტრანსფერი განხორციელდეს დამანგრეველი ჰუმანიტარული შედეგების გარეშე“, დასძინა დუჟარიკმა.

ისრაელი, როგორც ჩანს, ბოლო დღეებში სახმელეთო შეტევისთვის ემზადება,ხდება ჯარისკაცების, მძიმე არტილერიისა და ტანკების მასობრივი განლაგება ღაზას საზღვართან.

პარასკევს გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომას მართავს.

ისრაელის მუდმივი წარმომადგენელი გაეროს რეაქციას ღაზას მაცხოვრებლების ევაკუაციის შესახებ სამარცხვინოდ უწოდებს.

ისრაელის წარმომადგენელი გაეროში, გილად ერდანი, მკვეთრად გამოეხმაურა გაეროს განცხადებას, რომელშიც ორგანიზაცია ითხოვს ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილის ევაკუაციის ბრძანების გაუქმებას მომდევნო 24 საათის განმავლობაში.

„გაეროს პასუხი ისრაელის ღაზის მოსახლეობის ადრეულ გაფრთხილებაზე სამარცხვინოა! წლების განმავლობაში გაერო თვალს ხუჭავდა ჰამასის მიერ ღაზას მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის შეიარაღებასა და გამოყენებაზე იარაღისა და მკვლელების თავშესაფრად. ახლა, იმის ნაცვლად, რომ მხარი დაუჭიროს ისრაელს, რომლის მოქალაქეებიც მოკლეს ჰამასის ტერორისტებმა, და რომელიც ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს ზიანი მათთვის, ვინც არ არის ჩართული, ის ისრაელს ქადაგებებს უკითხავს“, – თქვა მან.

დიპლომატის თქმით, გაერომ ყურადღება უნდა გაამახვილოს ბოევიკების მიერ აყვანილი მძევლების ისრაელში დაბრუნებაზე, ჰამასის დაგმობაზე და ისრაელის თავდაცვის უფლების მხარდაჭერაზე.