ისრაელში ჰამასის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1200-მდე გაიზარდა
ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით კი ღაზას სექტორში დაიღუპა 900 პალესტინელი. 4500 კი დაშავდა.
დასავლეთ სანაპიროზე 21 პალესტინელი დაიღუპა და ათობით დაშავდა.
ისრაელი ღაზას სექტორის საჰაერო დაბომბვას განაგრძობს. წუხელ ისრაელის სამხედროებმა ღაზას სექტორში 200 სამიზნეზე მიიტანეს შეტევა. ბოლო 24 საათში კი ისრაელის არმიის ინფორმაციით ჰამასის პოზიციებზე 450 ავიადარტყმა განახორციელეს. მათ შორის ალ ფუკანში, რომელიც ღაზას სექტორის ჩრდილოეთით მდებარეობს და მას ჰამასი ისრაელზე თავდასხმებისთვის იყენებს.
ისრაელის არმიამ დღეს ჰამასის კიდევ 18 ბოევიკის განადგურების შესახებ გამოაცხადა, რომლებიც ისრაელის ტერიტორიაზე შაბათს, 7 ოქტომბერს შეიჭრნენ.
მანამდე ისრაელის არმია აცხადებდა, რომ გაანადგურეს 1500 ჰამასელი ტერორისტი ისრაელის ტერიტორიაზე და ამჟამად საზღვარი ღაზას სექტორთან სრულად კონტროლდება. ამავე დროს, ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარეობს წმენდა და შემორჩენილი ბოევიკების ძებნა.