ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა საომარი მზადყოფნა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც დღეს დილით ისლამისტური დაჯგუფება ჰამასის ათობით ბოევიკმა როგორც ჩანს მოულოდნელად შეაღწია ისრაელის სამხრეთში და თავისუფლად გადაადგილდებიან.
მანამდე ისრაელის მიმართულობით ათობით რაკეტა გაუშვეს, რასაც მთელი ქვეყნის მაშტაბით საჰაერო განგაში მოჰყვა.
ერთი ადამიანი დაიღუპა, გავრცელდა ინფორმაცია თელავივის სიახლოვეს და ღაზას სექტორის გარშემო მდებარე რაიონებში აფეთქებების შესახებ.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო. მისმა შეიარაღებულმა ფრთამ განაცხადა, რომ ისრაელის მიმართულებით 20 წუთში 5 000 რაკეტა გაუშვეს. თუმცა მოგვიანებით ისრაელის შეიარაღებული ძალების სპიკერმა განაცხადა, რომ რაკეტების რაოდენობა 2500 იყო.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, დაჯგუფებამ ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მასირებული სარაკეტო დაბომბვა დაიწყო და ბოევიკებმა ისრაელის ტერიტორიის სხვადასხვა ადგილებზე შეაღწიეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ გენშტაბის ხელმძღვანელი სიტუაციის შეფასებას აკეთებს და ჰამასი აუცილებლად აგებს პასუხს ამ ქმედებებისთვის. ასევე ნათქვამია, რომ ღაზას სექტორის მომიჯნავე რაიონების მაცხოვრებლებს სთხოვეს გარეთ არ გამოვიდნენ, სამხრეთის და ცენტრალური რაიონების სამოქალაქო პირები კი ვალდებულნი არიან თავშესაფრების მიმდებარე ტერიტორიები არ დატოვონ. გამოცხადდა რეზერვისტების მობილიზაცია.
საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ აქრობენ ებრაელი მეხანძრეები ხანძარს ქალაქ აშკელონში, სადაც დამწვარ ავტომობილებს ძლიერი კვამლი ასდის.
ისრაელის პრემიერ მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს კანცელარიაში განაცხადეს, რომ უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელები სარაკეტო დარტყმის გამო იკრიბებიან.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ჰამასის ტერორისტულმა დაჯგუფებამ ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო თავდასხმით და ღაზას სექტორის საზღვართან მდებარე ქალაქებში შეჭრით „მძიმე შეცდომა“ დაუშვა.
„დღეს დილით ჰამასმა სერიოზული შეცდომა დაუშვა და დაიწყო ომი ისრაელის წინააღმდეგ. ისრაელი ამ ომში გაიმარჯვებს!“ – ნათქვამია გალანტის განცხადებაში.