იღუმენ იონას მღვდელმსახურება ნამდვილად შეუჩერდა – საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იღუმენ იონას (მაისურაძე) მიერ არასრულწლოვნის შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, “ზნეობრივი გადაცდომის” გამო იღუმენს მღვდელმსახურება შეუჩერდა, თუმცა არასრულწლოვანთან ურთიერთობის შემთხვევაზე არაფერი იციან.

„ბოლო დღეებში ინტენსიურად გვიკავშირდებიან იღუმენ იონას (მაისურაძე) გამო. ვპასუხობთ ხშირად დასმულ კითხვებს: 2019 წელს მას მღვდელმსახურება ნამდვილად შეუჩერდა. საკითხი ეხებოდა მღვდლისა და მონაზვნისთვის შეუფერებელ ზნეობრივ გადაცდომას. ადამიანი, რომელმაც საპატრიარქოს შევიწროების საჩივრით მომართა, არ იყო არასრულწლოვანი, თუმცა საჩივარში აღნიშნული ზნეობრივი დანაშაული გახლდათ. ამ ფაქტის გამო, იღუმენ იონას დაედო საეკლესიო სასჯელი და შეუჩერდა მღვდელმსახურება. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ამ შემთხვევაში მომჩივანს პროკურატურისთვის არ მიუმართავს.

ბოლო დღეებში სატელევიზიო ეთერში გასული სიუჟეტიდან ჩვენთვის ცნობილი გახდა სხვა შემთხვევის შესახებ. ამჯერად იღუმენ იონას მხრიდან არასრულწლოვნის შევიწროებაზეა საუბარი. დამტკიცების შემთხვევაში მსგავსი ფაქტი შეფასდება, მძიმე დანაშაულად, თუმცა საპატრიარქოსთვის ამ საკითხთან დაკავშირებით არც მანამდე და არც შემდგომში არავის მოუმართავს. თავად იღუმენი იონა კომისიაზე იყო დაბარებული და ყველა ბრალდება უარყო.

ცნობისათვის, ნებისმიერი მსგავსი შემთხვევა განიხილება კომისიაზე და დადასტურების შემთხვევაში მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, -ვკითხულობ საპატრიარქოს ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც ახალგაზრდა ქალი იღუმენ იონას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, 2019 წელს ეკლესიაში ხშირად დადიოდა, იღუმენი იონა კი სწორედ სამების საკათედრო ტაძარში გაიცნო. გარკვეული პერიოდის შემდეგ მამაომ ახლოს გაცნობის მიზნით სახინკლეში დაპატიჟა, რაზეც სულიერი შვილი დათანხმდა. მსხვერპლი ყვება, რომ სახინკლიდან წამოსვლისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მღვდელმა სექსუალურად შეავიწროვა.