კადრების დადება ენმ-ს მოთხოვნა იყო, რაც შეთანხმებული იქნებოდა სააკაშვილთანაც – კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ციხეში შეყვანის კადრების გამოქვეყნებას ენმ ითხოვდა და ეს მოთხოვნა თავად სააკაშვილთანაც იყო შეთანხმებული.

“რაც შეეხება კადრების გამოქვეყნებას, შეგახსენებთ, რომ მისი პოლიტიკური პარტიის და ამ პარტიასთან დაკავშირებული მედიასაშუალებების კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ ეს კადრები დადებულიყო, რაც სააკაშვილთანაც იქნებოდა ბუნებრივია, შეთანხმებული. მისი პარტია თავისი ტელევიზიებით კატეგორიულად ითხოვდა ამ კადრების გასაჯაროვებას, რაც გაკეთდა.

მისი პარტია ითხოვდა გასაჯაროვებას და პლიუს ამას დაემატა საზოგადოებრივი ინტერესი, რომელიც შეიქმნა. მთლიანობაში იყო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. ეს არის ოფიციალური მიზეზიც”,– აცხადებს კობახიძე პალიტრანიუსის ეთერში.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ გადაუგზავნეს აღნიშნული კადრები ადვოკატებს, კობახიძე ამბობს, რომ ეს სპეკულაციების გაგრძელების საფუძველი იქნებოდა, ნაციონალურ მოძრაობისთვის კი მომგებიანი იყო სახელმწიფოზე ზეწოლა და კადრების არგასაჯაროვება.

კობახიძე აღნიშნავს, რომ ასეთი კადრები სხვა პირებზე ხშირად საჯაროვდება, თუმცა ასეთი რეაქცია არასდროს მოყოლია.