თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს მკირნალობას აგრძელებს, თუმცა ჯერჯერობით პოლიტიკაში რჩება.
“მე ვარ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, პარალელურად დედაქალაქის მერი. შესაბამისად, ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას და იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც დამაკისრა თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ. რაც შეეხება მომავალ არჩევნებს, ამასთან დაკავშირებით გითხარით ჩემი პოზიცია, რომ მოგვიანებით ყველაფერი იქნება ცნობილი თქვენთვის, საზოგადოებისთვის.
მიზანმიმართულად ავრცელებთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს, პოლიტიკიდან მივდივარ. ჯანმრთელობის მდგომარეობა თითქოს მოვიგონე და ეს უნდა გამოვიყენო, რომ პოლიტიკიდან წავიდე. ეს არ არის სწორი ინფორმაცია. ჯანმრთელობის მხრივ მაქვს პრობლემები და ვაგრძელებ მკურნალობას, მაგრამ ჯერ პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ“,- განაცხადა კალაძემ.