“კალაძის განცხადებით უკვე მოხდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ლეგიტიმაცია” – განაცხადა ამის შესახებ, ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის კამპანიის პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ.
“უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში გაკეთებულ განცხადებებს სხვას ვერაფერს ვუწოდებთ, გარდა სახელმწიფო ღალატის გამოცხადებულ ქრონიკას. ამის კიდევ ერთი დასტურია გუშინ დედაქალაქის მერის, ბატონი კახა კალაძის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ 28 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაზე გამოხმაურება. […]
მინდა კახი კალაძეს შევახსენო – აფხაზეთი საქართველოა, სამაჩაბლო საქართველოა! შესაბამისად, კალაძის განცხადებით, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება მიესალმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოებად ცნობას. ამ განცხადებით უკვე მოხდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ლეგიტიმაცია. […]
ქართული ოცნება ემზადება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისა და აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებისთვის. ისინი გეგმაზომიერად მიჰყვებიან ამ პროცესს – პირველ რიგში, რუსეთი და ქართული ოცნება ცდილობენ, რომ კონფლიქტის მხარედ აქციონ არა რუსეთი, არამედ სეპარატისტული რეჟიმები. სწორედ ამის ნაწილია ქართული ოცნების ის უბინძურესი კამპანია, სადაც 2008 წლის სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოში გამარჯვებული ქართველი მხარის დადანაშაულება მიდის, რაც მხოლოდ რუსეთის ინტერესს ემსახურება.
დღესაც, ქართული ოცნება ცდილობს, რუსეთი შემრიგებლად გამოიყვანოს – ამ განცხადებით კახი კალაძე, ივანიშვილის პარტიასთან ერთად, პირდაპირ ამბობს, რომ გიორგი ანწუხელიძე, ძმები რომელაშვილები, შინდისის გმირები და ყველა თავდადებული პატრიოტი, რომელიც სხვადასხვა ეტაპზე, საქართველოს ეროვნული ღირსებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას შეეწირა, სინამდვილეში აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახით ორ სუვერენულ სახელმწიფოს უპირისპირდებოდა. რა შეიძლება დავარქვათ ამას, თუ არა სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის, საქართველოს ღალატი”, – თქვა ლევან სანიკიძემ.