თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაიფიქრა და განათებებს ე.წ. კომენდანტის საათის დროსაც ჩართულს დატოვებს. თბილისის მერმა ამის მიზეზად მოქალაქეების მოთხოვნა დაასახელა.
“მას შემდეგ, რაც მე გავმოთქვი სურვილი, რომ შეზღუდვის საათებში გამოირთოს ილუმინაციები, ძალიან ბევრმა ადამიანმა მოგვმართა თხოვნით, რომ შეზღუდვის საათების მიუხედავად, მაინც დაგვეტოვებინა საახალწლო განათებები. რომ დავფიქრდეთ, ვინ ნახულობს ღამის განათებებს მაშინ, როცა საკომენდანტო საათი იწყება. დღესაც გვქონდა ძალიან ბევრი მსჯელობა მერიაში თანამშრომლებს, რომ როგორც მოვიქცეთ, რა გავაკეთოთ. იმიტომ, რომ გუშინ მოყოლებული ჩემს ფეისბუქგვერდზე ძალიან ბევრმა ადამიანმა მოგვმართა თხოვნით, რომ იქნება არ გამოგვერთო. როგორც ახლა ვმსჯელობდით ამ განათებებს ნახულობს ის ადამიანები, ვინც ბრძოლის წინა ხაზზე არიან და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ყველაზე სტრესულ მდგომარეობაში.
ეს არის ჩვენი ექიმები, რომლებიც მსჯელობენ ჩვენს ჯანმრთელობაზე; ეს არის ჩვენი პოლიციელები, რომლებიც ზრუნავენ ჩვენს უსაფრთხოებაზე, წესრიგზე; ეს არის ჟურნალისტები, ეს არის თბისერვისის თანამშრომლები, ჩვენი მეხანძრე-მაშველები; სხვადასხვა გადაუდებელი საქმის გამო ქუჩაში მყოფი თბილისელები; ოჯახები, რომელთა ფანჯრებიდან, აივნებიდან მოჩანს იმედიანი ქალაქი, საახალწლოდ მორთული, გამხიარებული და ულამაზესი თბილისი.
თითქოს თბილი და მყუდრო ქუჩები ამ ადამიანების დაღლილობას, სტრეს მალამოდ დაედება, გაათბობს და იმედით აღავსებს. შესაბამისად, ჩვენ ვითვალისწინებთ ამ მოთხოვნებს, თითოეული თბილისელის სურვილს, დარჩეს ჩვენი ქალაქი განათებული და დღეიდან ქალაქში საახალწლო ილუმინაციები არ გამოირთვება”,- განაცხადა კახა კალაძემ.