ტელეარხები – ფორმულა და მთავარი კახა კალაძის დუბაიში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ. ფორმულას ინფორმაციით, თბილისის მერი კახა კალაძე დუბაიში, ფეშენებელურ სასტუმროში, 1 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დედაქალაქის მერი ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ისვენებდა.
სასტუმროს ჯავშნის მიხედვით, რომელიც შაბათის ფორმულამ მოიპოვა, დუბაიში ერთკვირიან ტურში კახა კალაძე მეუღლესთან და შვილებთან ერთად წავიდა. მასთან ერთად იყვნენ – წინა მოწვევის პარლამენტის და კალაძის გუნდის წევრი ივლიანე წულაია ოჯახთან ერთად და დეპუტატი ლევან კობიაშვილი ოჯახთან ერთად.
კალაძე-კობიაშვილი-წულაიას დუბაიში დასვენება მკაცრად გასაიდუმლოებულია. შაბათის ფორმულას მიერ მოპოვებულ დოკუმენტში ჩანს, რომ თითოეული მათგანის ერთკვირიანი ვოიაჟის ღირებულება ოჯახთან ერთად, სასტუმრო One & Only-ის ლუქსის ტიპის ნომერში, 39 067 დირჰამია, რაც ქართულ ვალუტაში 36 427 ლარია.
დედაქალაქის მერიაში შაბათის ფორმულას უთხრეს, რომ კახა კალაძე შვებულებაში არ იმყოფება და ის მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს. წასვლის შესახებ კალაძემ თავად, ერთი კვირის წინ ვიდეომიმართვაში განაცხადა, თუმცა სად იმყოფებოდა არ უთქვამს.
კალაძის გამგზავრების თარიღს აკონკრეტებს მთავარი არხი, რომლის ინფორმაციით ჩარტერული რეისით კალაძემ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად თბილისი 11 აპრილს დატოვა. მთავარის ინფორმაციით ამავე რეისის მგზავრები ასევე იყვნენ მისი უახლოესი კონფიდანტები – ბიზნესმენი ივლიანე წულაია და დეპუტატი ლევან კობიაშვილი. მთავარი ამბობს, რომ როგორ ჩანს, დუბაის ოქროს სანაპირო ის ადგილია, სადაც “ოცნების” დაშლა – საბოლოოდ გაფორმდება.
ფორმულა ამბობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მოტივით აღებული ტაიმაუტი კალაძემ პოლიტიკური მომავლის დასაგეგმად გამოიყენა. ეჭვები შიდა დაპირისპირებაზე გახარიას თანამდებობიდან წასვლის შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდა. ამას ისიც დაერთო, რომ ქართულ ოცნებაში გამართული კონსულტაციების შემდეგ მერის კანდიდატად კალაძე აღარ დაუსახელებიათ.
კალაძის დუბაიში ვიზიტს პოლიტიკას უკავშირებს მთავარიც. არხი ხაზს უსვამს, რომ უკვე მეექვსე თვეა, ქვეყანა უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისშია – დაშლის ზღვარზეა მმართველი გუნდიც. აღარაა საიდუმლო, რომ “ქართული ოცნების” შიგნით არსებული სხვადასხვა დაჯგუფება ერთმანეთს გავლენების გადანაწილებას ეცილება. ამ შიდა ფრაქციულ დაპირისპირებაში კი განსაკუთრებით საინტერესოა – სად მიდის კახა კალაძე.
თვითმმართველობის არჩევნები კარსაა მომდგარი, ამის მიუხედავად კი “ოცნება” მისი კანდიდატურის დასახელებას არ ჩქარობს. პერიოდულად, მერიაში ხმაურიანი კორუფციული დაჭერები კი კიდევ ერთხელ ადასტურებს შიდა დაპირისპირების გამწვავებას. კახა კალაძე, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში ღიად გამოაცხადებს საკუთარ გადაწყვეტილებას და “ქართული ოცნებიდან” წავა. ამ მძიმე გადაწყვეტილების მისაღებად კი როგორც ჩანს თბილისის ჯერ კიდევ მოქმედმა მერმა დუბაის ლაჟვარდოვანი სანაპირო შეარჩია, სადაც ის ოფიციალური ვერსიით ოჯახთან ერთად სამკურნალოდ გაემგზავრა– ამბობს მთავარი.
არ არის გამორიცხული კალაძემ ოცნების დატოვების შესახებ განცხადება ახლო მომავალში გააკეთოს.