თბილისში საშიში კალიები გამოჩნდნენ. იტალიური ჯიშის კალია ბოლო 1 კვირაა ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო კულტურებს ანადგურებს. მოსახლეობას კალიების ასეთი ჯოგური შემოსევა არ ახსოვს.
იტალიურმა კალიამ მუხიანში აგარაკებზე მცხოვრებლებს უკვე გაუნადგურა მოსავალი. ბაღ-ბოსტანი სავსეა კალიებით და ახლა მათ არ იციან როგორ უნდა ებრძოლონ მწერს.
საიდან და როგორ დაიწყეს კალიებმა ჯოგური გამრავლება უცნობია. არსებობს, ვერსია, რომ ისინი აზერბაიჯანიდან შემოვიდნენ, თუმცა ამას ვერავინ ადასტურებს. აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვართან ბევრი დაუმუშავებელი მიწაა და ფაქტობრივად, ნახევარუდაბნოა, იტალიური კალია კი ასეთ პირობებში კარგად მრავლდება. ცნობილია, რომ ამ ჯიშის კალია წელიწადში ერთხელ ბუდობს, მასიური გამრავლებისას კი იტალიური კალია ქმნის ჯოგებს და ასობით ჰექტარს იკავებს. სავარაუდოდ ახლა მათთვის გამრავლებისთვის ხელსაყრელი დროა და მოსახლეობას პრობლემას სწორედ ეს უქმნის.
მუხიანის აგარაკები ერთი კვირის განმავლობაში დღეს მეორედ შეიწამლა. ადგილობრივების, განცხადებით პირველი შეწამვლის შემდეგ დაიწყო კალიების მეორე ტალღა. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები საძოვრებსა და დასახლებებს გერმანული ხსნარით – “დეცესიით” წამლავენ.
კალიების შემოსევა მხოლოდ მუხიანის აგარაკებზე არ არის. ისინი ვრცელდებიან თბილისის ზღვის მიმდებარედ და არსებობს რისკი, რომ მალე მთელ ქალაქს მოედებიან.
მავნებელი დაფრინავს და 1000 კილომეტრზე შეუძლია გადაადგილება. ამიტომ მისი განადგურება სწრაფად უნდა მოხდეს. მიუხედავად ამ მონაცემებისა, ლოკალურ ადგილებში მხოლოდ 1 შესაწამლი მანქანა მუშაობს, საკმარისია თუ არა მოსავლისა შესანარჩუნებლად და ამავდროულად მავნებლის გასანადგურებლად უცნობია. წამალი რომ არ შველის, ეს წინა შეწამვლამ უკვე აჩვენა.