ქარიშხალი ბორისით გამოწვეულმა ძლიერმა წვიმამ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. სასწრაფო დახმარების სამსახურები აძლიერებენ წყალდიდობისგან მოსახლეობის დაცვას. შვიდი ადამიანი დაიღუპა, ათასობით სახლი წყალმა დააზიანა.
დაღუპულები არიან რუმინეთში, პოლონეთსა და ავსტრიაში
ავსტრიაში მოქალაქეების წყალდიდობისგან გადარჩენის ოპერაციის დროს ერთი მეხანძრე დაიღუპა, წერს Reuters. ვენის მიმდებარე ტერიტორია კატასტროფის ზონად გამოცხადდა, ადგილობრივი ხელისუფლება “უპრეცედენტო ექსტრემალურ სიტუაციაზე” საუბრობს.
პოლონეთში წყალდიდობას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა.
ქარიშხალმა ბორისმა მსხვერპლი რუმინეთშიც გამოიწვია. შაბათს, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ოთხი ადამიანი დაიღუპა წყალდიდობის შედეგად გალათის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში.
ჩეხეთში, წყალდიდობის გამო, ზოგიერთ რაიონში ევაკუაცია გამოცხადდა. ჩეხეთის ენერგეტიკული კომპანია CEZ-ის ცნობით, ქვეყნის ჩრდილოეთით დაახლოებით 51 ათასი ოჯახი დაზარალდა ელექტროენერგიის გათიშვით.
პრაღაში წყალდიდობის საწინააღმდეგო ბარიერები აღმართეს.
„ჩვენ კვლავ ვდგავართ კლიმატის ცვლილების შედეგების წინაშე, რომელიც სულ უფრო მეტად აისახება ევროპის კონტინენტზე – დრამატული შედეგებით“, – განაცხადა შაბათს რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა.
კლიმატის ცვლილების გამო, ექსტრემალური ნალექი სულ უფრო მეტად ხდება ევროპაში – ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ სხვა ნაწილში. უფრო თბილ ატმოსფეროს შეუძლია შეინარჩუნოს მეტი ტენიანობა, რაც უხვ ნალექს იწვევს.
რუმინეთის გალათის რაიონის სოფელ სლობოზია-კონაკის მერმა ემილ დრაგომირმა განაცხადა, რომ დაიტბორა 700 სახლი. ”ეს არის ეპიკური მასშტაბის კატასტროფა”, – თქვა დრაგომირმა.
სამხრეთ-დასავლეთ პოლონეთში, ქალაქ გლუჩოლაზიში, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მდინარე ნაპირებიდან გადმოვიდა და ქუჩები დატბორა. კვირას მათ მოსახლეობას შემაღლებულ ადგილებზე ევაკუაციისკენ მოუწოდეს.
მაცხოვრებელმა ზოფია ოვსიაკამ თქვა, რომ ქალაქში ყველა შეშინებულია და “არ არსებობს იმედი, რომ წვიმა შეჩერდება”.
კრაკოვში, პოლონეთის სიდიდით მეორე ქალაქში, ხელისუფლებამ მოსახლეობას ქვიშის ტომრები შესთავაზა წყალდიდობისგან დასაცავად.
ჩეხეთის რესპუბლიკის საზღვართან მდებარე ქალაქ კლოძკოში საუბრისას, რომელიც წყალდიდობის შედეგად ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალდა, პრემიერ მინისტრმა ტუსკმა თქვა, რომ რეგიონში 1500-ზე მეტი ადამიანი უკვე ევაკუირებულია.
მან სხვა მაცხოვრებლებს მოუწოდა ითანამშრომლონ სასწრაფო დახმარების სამსახურებთან, როდესაც სახლების დატოვებას სთხოვენ. რაიონში 17 ათასი ადამიანი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე, თქვა ტუსკმა. არ იყო მობილური სიგნალი და ინტერნეტი.
წყალდიდობა ჩეხეთსა და უკრაინაში
ჩეხეთში შაბათს ქვეყნის სამხრეთით მდებარე კაშხალი წყალმა გაარღვია. გარემოს დაცვის მინისტრმა პეტრ ჰლადიკმა მოუწოდა ყველაზე მეტად დაზარალებული ტერიტორიების მოსახლეობას მოემზადონ სახლების დასატოვებლად.
ნიადაგი გაჯერებულია და წვიმის წყალი ზედაპირზე რჩება , რაც წყალდიდობის რისკს ზრდის , თქვა ჰლადიკმა. მინისტრმა ასევე გააფრთხილა ყველა, რომ ჩეხეთში სამშაბათამდე წვიმაა მოსალოდნელი.
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ განაცხადა, რომ ქვეყანა ემზადებოდა “მძიმე შაბათ-კვირისთვის”. ხელისუფლება ქვიშის პარკებითა და ლითონის ღობეებისგან დამცავ კედლებს ამონტაჟებდა.
ამ შაბათ-კვირას დაგეგმილი ფეხბურთის მატჩები ქვეყნის ორ უმაღლეს ლიგაში ჩაიშალა.
როგორც უკრაინის რკინიგზის „უკრზალიზნიცის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, წყალდიდობის გამო პოლონეთსა და ჩეხეთში უკრაინის მიმართულებით მიმავალი მატარებლების რეისები გაუქმდა.
დილით ოდესაში თითქმის ნახევარი თვის ნალექი მოვიდა- 19 მმ, განაცხადა ქალაქის მერმა გენადი ტრუხანოვმა. ქალაქში რამდენიმე ქუჩა დატბორილია და მოძრაობა შეჩერდა. ქალაქის ქუჩებზე მორიგეობს 48 ცალი ტექნიკა და 95 საგზაო სამსახურის თანამშრომელი.
რატომ იყო ქარიშხალი ასეთი დამანგრეველი?
ქარიშხალმა ბორისმა უკვე მოიტანა უზარმაზარი წვიმა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ვარაუდობენ, რომ ძლიერი წვიმა მინიმუმ ორშაბათის ბოლომდე გაგრძელდება.
ყველაზე მეტი ნალექი ჩეხეთში მოვიდა. ხუთშაბათიდან ქვეყნის დასავლეთით მთებში 288 მმ წვიმა მოვიდა. ეს არის დაახლოებით სამი თვის ნორმა სულ რაღაც სამ დღეში.
შტორმი დამანგრეველი ორი მიზეზის გამო აღმოჩნდა.
პირველ რიგში, თავისი პოზიციიდან გამომდინარე, ქარიშხალი იზიდავს უფრო ცივ ჰაერს ჩრდილოეთიდან, რომელიც ერევა ხმელთაშუა და შავი ზღვების უჩვეულოდ თბილი წყლებიდან მომდინარე ტენიანობას.
გარდა ამისა, დაბალი წნევის ზონა ძალიან ნელა მოძრაობს იმავე ტერიტორიებზე და ქარიშხალი მოქცეულია დასავლეთისა და აღმოსავლეთის მაღალი წნევის ზონებს შორის.
ჩეხეთის გარემოს დაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბორის მსგავსი შტორმები 50 წელიწადში ერთხელ ხდება.
2021 წელს ევროპაში ექსტრემალური წყალდიდობის შემდეგ, მსოფლიო ამინდის პროგნოზირების ქსელმა დაასკვნა, რომ ევროპაში ამ ტიპის წყალდიდობის ალბათობა და სიმძიმე იზრდება კლიმატის სწრაფად დათბობის გამო.