“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას უდროოს უწოდებს და ამბობს, რომ მის განხილვას კატეგორიულად არ აპირებენ.
მისი თქმით, ერთიანი სიები ივანიშვილსა და მის გუნდს ორპოლუსიანი გარემოს დახატვაში დაეხმარება, ამიტომ ოპოზიცია საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმდება.
“პოლიტიკური ვითარების ორპოლუსიანად დახატვა აწყობს ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს, ეს არის მათი ამოცანა და ეს არ გამოხატავს რეალობას. ოპოზიციაც ამომრჩევლის წარმოდგენები და პოზიციები არის მრავალფეროვანი. ის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ მაჟორიტარებზე კოორდინირება და ცალ-ცალკე გამოსვლა ორივე ამოცანას პასუხობს – ამომრჩელს ექნება საშუალება ხმა მისცეს იმ პარტიას, რომელიც მის იდეებს ქადაგებს, მეორეს მხრივ პირველი ტურში დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილს და რისკებს შევამცირებთ.
დიდი იმედი მაქვს, რომ ეს უდროო ინიციატივა არ იქნება გამოყენებული საბაბად მაჟორიტარებზე შეთანხმების ჩასაშლელად. კატეგორიულად არ ვაპირებთ ამ იდეის განხილვას. საფრთხე არის, რომ ეს დაეხმარება ივანიშვილს ორპოლუსიანი საფრთხის დახატვაში, ეს არ მოხდება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არ განმეორდება”,- აცხადებს გიგა ბოკერია.
დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ ოპოზიციამ საარჩევნოდ ერთიანი სია უნდა შექმნას.