“კატეგორიულად მოითხოვა მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში თანამდებობაზე არ დაენიშნათ“–ნიკა გვარამიას ბრალდება კელი დეგნანის მისამართით

მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია საკუთარ გადაცემაში აცხადებს, რომ აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, საერთაშორისოდ ითხოვდა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინაში თანამდებობაზე არ დაენიშნათ. ინფორმაცია  ნიკა გვარამიამ, უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით გაასაჯაროვა:

“ქალბატონმა დეგნანმა, როგორც უკრაინული წყაროები ადასტურებენ, და ამ დღეებში ეს ინფორმაცია გასაჯაროვდება, ქალბატონმა დეგნანმა განახორციელა ზარი ვაშინგტონში და კიევში და კატეგორიულად მოითხოვა, მიხეილ სააკაშვილის არდანიშვნა არც ერთ თანამდებობაზე”, – ამბობს ნიკა გვარამია.

მისივე თქმით, კელი დეგნანს ამ მოთხოვნის პასუხად უთხრეს, რომ “საკუთარი მანდატის ფარგლებში ჩამჯდარიყო და თავის საქმისთვის მიეხედა”.

გვარამიამ დღევანდელ გადაცემაში ვრცლად ისაუბრა საქართველოში ამერიკის ელჩის შესახებ და ის უმოქმედობაში და მიკერძოებულობაში დაადანაშაულა. გვარამიამ წინა ელჩების საქმიანობაც გაიხსენა, რომლებსაც გაწეული სამუშაოსთვის მადლობა უთხრა.