კახეთში 14 წლის არასრულწლოვანი ბიძამ გააუპატიურა. კაცი ნათესავებმა დაჭრეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 14 წლის არასრულწლოვანი გოგო მამდის ქმარმა გააუპატიურა. ფაქტი  სოფლის მიმდებარედ ფერმაში მოხდა.  შურისძიების მიზნით, გოგოს ნათესავებმა 45 წლის მამაკაცი დაჭრეს.

მხარეები საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან იყვნენ და  საქონლის ფერმაში მწყემსად მუშაობდნენ. დაჭრილი კაცი საგარეჯოს საავადმყოფოშია მოთავსებული.

ექიმები ამბობენ, რომ მამაკაცი სასწრაფო დახმარების მანქანამ შეიყვანა და ის მძიმე მდგომარეობაშია:

“მას აღენიშნებოდა სხეულის მრავლობითი ჭრილობები, კერძოდ, გულმკერდის მარცხენა ნახევარში ორი ჭრილობა, რომელიც იყო შემავალი გულმკერდის ღრუში. ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. მძიმე მდგომარეობაშია. მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში და იმყოფება მართვის სუნთქვაზე. შემოსვლიდან ამ მომენტამდე პაციენტის მდგომარეობა არის კომატოზური, მასთან კომუნიკაცია შეუძლებელია. შემოსვლიდან ამ დრომდე მასთან იმყოფებიან პოლიციის თანამშრომლები და უწევენ მეთვალყურეობას” – ამბობს ექიმი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე – გაუპატიურებისა და 117-ე – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, დაკავებულია ერთი პირი, რომელმაც 45 წლის მამაკაცი დაჭრა.