კიდევ გრჩებათ შანსი, ჩამოშორდით რუსულ რეჟიმს-ვეცდებით, განგარიდოთ სანქციების შედეგებს – ოპოზიციური პარტიების მიმართვა საჯარო მოხელეებს

7 ოპოზიციური პარტია ერთობლივი განცხადებით ეხმაურება  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადებას.

“ჩვენ, პროდასავლური, დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ და ქმედით ძალისხმევას საქართველოს კონსტიტუციის, სუვერენიტეტისა და თავისუფლების, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის დაცვის საქმეში.

აშშ-ს ამგვარი მხარდაჭერა საქართველოს თავისუფალი მოქალაქეების უწყვეტი, პრინციპული, მშვიდობიანი პროტესტის დამსახურებაა, რომელსაც ოლიგარქ ივანიშვილის მთავრობა ძალადობით პასუხობს.

გვინდა მივმართოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან რუსული რეჟიმის სამსახურში:

იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ, ჩამოშორდეთ რუსულ რეჟიმს და შეუერთდეთ ქართველ ხალხს ჩვენი სამშობლოს ევროკავშირისა და ნატოში გაწევრიანებისთვის ბრძოლაში, კიდევ გრჩებათ შანსი, დაიცვათ საკუთარი თავი და ოჯახები საერთაშორისო სანქციებისგან.
გადმოდით სიმართლის მხარეს. ამ შემთხვევაში მზად ვართ ვიმოქმედოთ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, რომ ხელი შევუწყოთ თქვენი და თქვენი ოჯახების განრიდებას სანქციების მძიმე შედეგებისგან.
საქართველო ეკუთვნის არა რუს ოლიგარქს, არამედ თითოეულ ჩვენგანს!

კი ევროპას, არა რუსულ რეჟიმს!”

ხელს აწერენ:

გირჩი მეტი თავისუფლება;
დროა;
ლელო საქართველოსთვის;
ნაციონალური მოძრაობა;
ახალი;
სტრატეგია აღმაშენებელი;
რესპუბლიკური პარტია.