კიდევ კარგი, სეირნობისთვის დაგვაჯარიმეს, თორემ ხომ იქნებოდა 500-ზე მეტი შემთხვევა – ჯაფარიძე

გირჩის ლიდერი და დიდუბე–ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე იპოდრომზე სეირნობისთვის გირჩის წევრების დაჯარიმებას იხსენებს.

“კიდევ კარგი, იპოდრომზე სეირნობისთვის დაგვაჯარიმეს, თორემ ხომ იქნებოდა ახლა დღეში 500-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევა”,– წერს ჯაფარიძე.

23 აპრილს გირჩმა იპოდრომზე საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით აქცია-სეირნობა გამართა. ათობით აქტივისტი დისტანციის დაცვით პროტესტს გამოხატავდა, თუმცა პოლიციამ ადგილიდან ყველა აქტივისტი განყოფილებაში გადაიყვანა, 15 პირი დააჯარიმა, 3 კი დააკავა. დაკავებული სამი პირიდან ორს 1000-1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ერთს კი გაფრთხილება მისცა.

გამოძიება საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობდა, რაც წვრილმან ხულიგნობისა და სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.