კიევ–პეჩორის ლავრა Covid19-ის აფეთქების შემდეგ დაიხურა. გარდაცვლილია 3 სასულიერო პირი

კიევის ხელისუფლებამ კიევ–პეჩორის ლავრა კორონავირუსის აფეთქების შემდეგ კარანტინზე დახურა. კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ უკრაინის დედაქალაქის საგანგებო სიტუაციის კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებაზე კონტროლი სამართალდამცავ ორგანოებს თხოვა.  მონასტერში კორონავირუსით 90–ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ეს კი უშუალოდ კიევში დაინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობის მეხუთედია. სულ უკრაინაში  3,372 ადამიანია დაინფიცირებული, გარდაიცვალა 98.

მარტში ლავრის მეთაური, მიტროპოლიტი პაველი აცხადებდა, რომ კორონავირუსი ადამიანების ცოდვებით არის გამოწვეული და მასთან გასამკლავებლად მეტი ჩახუტება, მეტი ლოცვა და მარხვაა საჭირო. მან მორწმუნეებს ტაძარში მისვლისკენ მოუწოდა.

მოგვიანებით მიტროპოლიტმა აღიარა, რომ პრობლემა სათანადოდ ვერ შეაფასა. უკრაინული მედიის ინფორმაციით ლავრის სამი ბერი გარდაიცვალა. 11 აპრილს კი თავად მიტროპოლიტი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე შეაერთეს.