კიევის ოლქში ავიაკატასტროფას უკრაინის შს მინისტრი ემსხვერპლა

კიევის ოლქში, ქალაქ ბროვარიში  უკრაინის საგანგებო სამსახურის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი და სამინისტროს სხვა თანამშრომლები დაიღუპნენ.

ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელი იგორ კლიმენკო ავრცელებს.

„დღეს დილით 18 იანვარს, საგანგებო სამსახურის ვერტმფრენი ჩამოვარდა ბროვარიში. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა დაიღუპა: მინისტრი, პირველი მოადგილე და სახელმწიფო მდივანი“ – აცხადებს კლიმენკო.

ეროვნული პოლიციის უფროსმა, იჰორ კლიმენკომ თქვა, რომ დაღუპულთაგან 9 თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა. ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან და საცხოვრებელ კორპუსთან ჩამოვარდა, ბროვარის აღმოსავლეთ გარეუბანში.

დაღუპულთაგან ორი ბავშვია.

კიდევ 22 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ შორის 10 ბავშვია.