კინემატოგრაფისტების ნაწილი კულტურის სამინისტროს ბოიკოტს უცხადებს და კინოცენტრის კონკურსებსა და პროექტებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს

კინემატოგრაფისტების ნაწილი  ქართული კინოს თავისუფლების მოთხოვნით, საქართველოს კულტურის, სამინისტროს ბოიკოტს უცხადებს. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ  ისინი პროტესტის ნიშნად კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში მონაწილეობას არ მიიღებენ.

„ჩვენ, ქართული კინოს თავისუფლებისთვის გაერთიანებული კინემატოგრაფისტები, რომლებიც ვეწინააღმდეგებით კულტურისა სამინისტროს რეპრესიულ პოლიტიკას, 2023 წლის აგვისტოდან ვაცხადებთ ბოიკოტს!

პროტესტის ნიშნად, ჩვენ აღარ მივიღებთ მონაწილეობას მიტაცებული კინოცენტრის გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში, ჩვენ უარს ვამბობთ საკონკურსო კომისიების წევრობაზე, რადგან არ გვსურს ვიქცეთ ფორმალურ თანამონაწილედ იმ პროცესისა, რომელსაც ქართული თანამედროვე კინო, კულტურა და მეცნიერება განადგურებისაკენ მიჰყავს.

პროტესტის პირველივე დღიდან, ჩვენ ვითხოვთ სისტემურ ცვლილებას – კინოცენტრის დირექტორის დანიშვნის წესის შეცვლას! გვჯერა, რომ კინოცენტრის დირექტორი უნდა იყოს არჩეული მხოლოდ გამჭვირვალე და საჯარო პროცესით, სფეროს წარმომადგენლების მიერ და არ იყოს დანიშნული მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით. მხოლოდ დემოკრატიული წესით არჩეული მმართველის პირობებში შეძლებს კინოცენტრი უზრუნველყოს ქართველი კინემატოგრაფისტების სიტყვის, გამოხატვისა და შემოქმედების თავისუფლება!

დამოუკიდებლობა კინოცენტრს! ხელოვნება ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია!

თანდართული ფორმის გამოყენებით, კინოს სფეროში მომუშავე ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია, შემოუერთდეს ჩვენს პოზიციასა და ბრძოლას კულტურის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის.“- ნათქვამია კინემატოგრაფისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კინემატოგრაფისტების სახელით გავრცელებულ განცხადებას ამჟამად 225 ხელმომწერი ჰყავს. მათ შორის არიან რეჟისორები, სცენარისტები, მსახიობები, ოპერატორები, კინოსტუდიების წარმომადგენლები და სხვა.

თვეზე მეტია კინოცენტრის თანამშრომლები კულტურის სამინისტროსთან აქციებს მართავენ. პროტესტი მოჰყვა კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის  გადაწყვეტილებას, რომლითაც მან  ცენტრის ხელმძღვანელად დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილი თანამშრომელი კობა ხუბუნაია დანიშნა, რომელმაც კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი გააუქმა და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა.კინოს სფეროს მოღვაწეები შიშობენ, რომ კინოცენტრის, ამ სფეროს მნიშვნელოვანი საყრდენის, დამოუკიდებლობას ბოლო მოეღო, ამიერიდან კინოს დაფინანსებაში სახელმწიფო პირდაპირ ჩაერევა და ცენზურას დაუწესებს მისთვის მიუღებელ ფილმებს.