“კმაყოფილები ვართ გადმოყვანისა და დაბინავების პროცედურებით” – ამის შესახებ გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა. სააკაშვილის პირადი ექიმის და უფლებადამცველმა მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთეს. მათი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში ტრანსპორტირებამ კარგად ჩაიარა.სააკაშვილს პირველი რეანიმაციული დახმარება გაეწია და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია გადაყვანილი.
“ტრანსპორტირება ჩატარდა კარგად, მოხერხდა ჩამოყვანა გორში, ჩაუტარდა რამდენიმე ტესტი იქვე, მდგომარეობა მძიმეა, რთულია, ხვალ იქნება პირველი კონსილიუმი, სამთავრობო კონსილიუმის შეხვედრა, სადაც განვიხილავთ მკურნალობის სქემას. საკმაოდ ბევრს, ექიმებს, მე ვიცნობ ვინც აქ მუშაობენ, ამასთანავე მოვიდნენ რესპუბლიკური საავადმყოფოს ჯგუფი რეანიმატოლოგებისა, რომლებიც აქ იქნებიან მორიგეობით. სტაბილურობას ვერ დავარქმევთ ავადმყოფის მდგომარეობას, რომელიც რამდენი დღეა შიმშილობს, სტაბილურად კრიტიკულია, შეიძლება ითქვას” – ამბობს სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე
ნიკა გვარამიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის გადმოყვანამ ექსცესების გარეშე ჩაიარა დამატებითი დეტალები კი უკვე ხვალ გაირკვევა.
”გადმოყვანის პროცედურა ნორმალურად შედგა ინციდენტების და ექსცესების გარეშე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო სამართლებრივად ამ ყველაფრის დაფიქსირება და კმაყოფილები ვართ იმ პროცედურით რომელიც ჩატარდა, გადმოყვანის და დაბინავების. ამას გარდა, უკვე ხვალიდან უნდა დავიწყოთ მსჯელობა მომსვლელების რეჟიმთან დაკავშირებით.
ჯერჯერობით გარკვეული წარმოდგენა გვაქვს ამასთან დაკავშირებით უბრალოდ პირველი სიტუაციაა ასეთი და რეფერალურ კლინიკებშიც არ ყოფილა რამდენადაც ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ამგვარი ტიპის ვიზიტების, პარლამენტის წევრების ვიზიტებზე ვამბობ პირველ რიგში. ბუნებრივია, რომ ადვოკატების ვიზიტები შეუზღუდავია, თუმცა გარკვეული დროით შეზღუდვები იქნება გამომდინარე იქიდან რა პროცედურა უტარდება პაციენტს და რა ვითარებაშია იგი. ეს უკვე ხვალ დღის ბოლომდე გვეცოდინება იუსტიციის სამინისტროსთან კომუნიკაციის გზით და ჯანდაცვის სამინისტროა უკვე აქ წამყვანი უწყება და საერთო კომუნიკაციების შედეგად უკვე გავარკვევთ, როგორ და რანაირად,” – ამბობს ნიკა გვარამია.