გუშინ ეუთოს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზირზე, აქციაზე მივიდა და აქციის მონაწილეებს შეხვდა. ამის შესახებ, მან სოციალურ ქსელ X-ზეც დაწერა და განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს მოქალაქეებს.
- „მე ახლა თბილისში, პარლამენტის წინ ვარ, სადაც მშვიდობიანი დემონსტრანტები ნელ-ნელა იკრიბებიან. ბევრი ადამიანი მოდის ევროკავშირის, NATO-ს, როგორც ჩანს, ფინეთის და რაც მთავარია, საქართველოს დროშებით. მიზეზი არის ის, რომ ეს ხალხი შეშფოთებულია იმ გეზით, რომელიც ქვეყანამ აიღო; იმით, რომ ართმევენ საბაზისო უფლებებს, დაწყებული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებიდან. ეს ადამიანები იმსახურებენ ყველა ამ უფლების ქონას და ჩვენ ვართ აქ, რომ მათ მხარი დავუჭიროთ”. -განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა, ვიდეო-მიმართვაში, რომელიც რუსთაველზე ჩაწერა და შემდეგ X-ზე გამოაქვეყნა.
ელინა ვალტონენი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგებში ჩამოვიდა. ის შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომდგენლებს, ასევე “ქართული ოცნების” წევრებს, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს.