კალიფორნიის შტატის ოფიციალური წყაროები მნიშვნელოვან სიახლეს ავრცელებენ: სანტა-კლარის საგრაფოს ჯანდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსით პირველი ამერიკელი 3 კვირით ადრე გარდაიცვალა და ის არა ვაშინგტონის შტატში, არამედ კალიფორნიაში ცხოვრობდა.
აქამდე ცნობილი იყო, რომ კოვიდ-19-ით პირველი ამერიკელი ვაშინგტონის შტატის ქალაქ კირკლენდში 29 თებერვალს გარდაიცვალა. სანტა-კლარის ჯანდაცვის მესვეურებმა აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრს ატლანტაში რამდენიმე საეჭვო ქსოვილის ნიმუში გაუგზავნეს და ზოგიერთზე დადებითი პასუხი მიიღეს.
ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი კორონავირუსით პირველი ადამიანი საკუთარ სახლში 6 თებერვალს, თითქმის 3 კვირით ადრე გარდაიცვალა, მეორე კი 17 თებერვალს. პასუხი აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრიდან სამშაბათს მოვიდა.
კალიფორნიის შტატი, ისევე როგორც ნიუ-იორკი, ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში, მასობრივი ტესტირების პოლიტიკას ირჩევს. გუბერნატორი გევინ ნიუსომი აცხადებს, რომ კალიფორნიაში ახლა დღეში საშუალოდ 14 500 ანალიზი კეთდება. აპრილის დასაწყისში, დღეში დაახლოებით 12 500-მდე ტესტირება ხდებოდა.
გუბერნატორი ნიუსომი ამბობს, რომ 40-მილიონიანი შტატისთვის ეს ძალიან ცოტაა. მისი ამბიციური გეგმის მიხედვით, აპრილის ბოლოდან ანალიზი დღეში 25 000-მდე კალიფორნიელმა უნდა აიღოს.
კალიფორნიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტმა უქმეებზე ახალი რეკომენდაცია გამოსცა. ის მაღალი რისკის ჯგუფებში მყოფ ადამიანებს ტესტირებას ურჩევს, იმის მიუხედავად, აქვთ თუ არა მათ სიმპტომები. ახალი რეკომენდაციის მთავარი სამიზნეა საავადმყოფოებში, ციხეებში და უსახლკაროთა თავშესაფარში მყოფი ადამიანები, რადგან იქ სოციალური დისტანცირება გაცილებით რთული მისაღწევია.
კალიფორნია და პირველ რიგში ქალაქი სან-ფრანცისკო ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც შეერთებულ შტატებში კარანტინის მკაცრი ზომები მიიღო. გადაადგილების 24-საათიანი შეზღუდვა იქ თვეზე მეტია მოქმედებს.
წყარო: ამერიკის ხმა