პანდემიის პირველი ტალღისას კორონავირუსით დაინფიცირებულ და გამოჯანმრთელებულ ბრიტანელ პაციენტთა 30% შემდგომი 5 თვის განმავლობაში კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ლესტერის უნივერსიტეტის და სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ერთობლივ კვლევაშია ნათქვამი.
მკვლევარებმა შეისწავლეს 47 480 ყოფილი პაციენტისგან შემდგარი ჯგუფი. 140 დღის განმავლობაში საავადმყოფოებში დაბრუნებულთა ზუსტი წილი 29.4% აღმოჩნდა. გარდაიცვალა 12.3%. ბევრ პაციენტს განუვითარდა ან გაუმწვავდა გულის დაავადებები, დიაბეტი, თირკმელების და ღვიძლის ქრონიკული დაავადებები.
პოტენციურად ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ კორონავირუსით სიკვდილიანობის სტატისტიკაში ბევრად მეტი შემთხვევა უნდა შევიდეს. დღეისათვის ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვალებად ითვლება სიკვდილი, რომელიც დიაგნოზის დასმიდან 28 დღის განმავლობაში დადგა. მკვლევარები ადამიანებს, ვინც კორონავირუსი გადაიტანეს მოუწოდებენ ყურადღებით მოეკიდონ საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობას.
ეს კვლევა ბრიტანეთში ყველაზე მაშტაბური მსგავსი კვლევაა. ლესტერის უნივერსიტეტის პროფეორი, კამლეშ კუმლი ამბობს:
“როგორც ჩანს, ადამიანებს საავადმყოფოებიდან გაწერის შემდეგ გრძელვადიანი სიმპტომები უვითარდებათ, რის შემდეგაც ისინი კვლავ ხვდებიან საავადმყოფოებში და კვდებიან. მთავარი დასკვნა ის არის, რომ უნდა მოვემზადოთ “ხანგრძლივი კოვიდისთვის.“ ეს რთული ამოცანაა. ძნელია ყველა გაწერილი პაციენტის მეთვალყურეობა. ჯანდაცვის სამსახურები ზღვარზე არიან. თუმცა, რაღაც ტიპის მონიტორინგის ორგანიზება აუცილებელია“– ამბობს მეცნიერი.