კოვიდპასპორტების აღიარების თხოვნით საქართველო ევროკავშირს მიმართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ევროკავშირს მიმართავენ ქართული კოვიდპასპორტების აღიარების თხოვნით.

„ჩვენ ვართ მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან. კითხვარები, რომლებიც მისცემს ევროკავშირს საშუალებას, აღიაროს საქართველოს კოვიდპასპორტი, უახლოეს დღეებში მიეწოდება.

დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის მხრიდანაც არ იქნება დაყოვნებული გადაწყვეტილება, რომ მათ სცნონ საქართველოს კოვიდპასპორტი და ჩვენს მოქალაქეებს, უმტკივნეულოდ, ყოველგვარი პრობლემის ჰქონდეთ [მოგზაურობის] შესაძლებლობა. ეს არის ერთგვარი სტიმული იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს, ევროკავშირის ქვეყნებში გადაადგილდნენ თავისუფლდ, რომ აიცრან და მიიღონ კოვიდპასპორტი“, – აცხადებს ზალკალიანი.

ცნობისთვის, 17 აგვისტოდან იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში კოვიდბარათების გაცემა დაიწყო. მისი აღება აცრილ მოქალაქეებს უფასოდ შეუძლიათ.