“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანგარიშის მიხედვით, მესტიის მუნიციპალიტეტში თანამდებობის პირებთან დაკავშირებულმა ოთხმა კომპანიამ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში ფინანსური სუბსიდია მიიღო, რომლის ჯამური ოდენობაც 769 729 ლარია. სუბსიდირებული კომპანიების ნაწილი და მათი მფლობელები სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობენ, მათ მიერ მიღებული შესყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 300 856 ლარი შეადგინა.
ორგანიზაციის ინფორმაციით შპს “სეტი+” ქართული ოცნების დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის წილობრივ მფლობელობაში (33%) არსებული კომპანიაა. “სეტი+” ფლობს მესტიის ცენტრში მდებარე სასტუმრო “POSTA HOTEL-ს”.
TI-ს განცხადებით, შპს “სეტი+”-მა 2017-2020 წლებში ჯამში 528 150 ლარის ოდენობის სუბსიდია მიიღო, საიდანაც პირველი სუბსიდია კომპანიის რეგიტრაციიდან (2017 წლის 14 ივლისი) 12 დღეში – 2017 წლის 26 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე გაიცა.
“შპს “სეტი+” ჩართულია სახელმწიფო შესყიდვებშიც. მან 2019-2020 წლებში 114 782 ლარის ღირებულების 13 გამარტივებული შესყიდვა მიიღო.
ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებული კომპანიების ტენდერებზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” კვლევა 2020 წლის ივლისში გამოაქვეყნა – ვიქტორ ჯაფარიძის შვილის ოთარ ჯაფარიძის კომპანიებმა შპს “ექსპერტ ჰაუსი” და “TOB ქონსთრაქშენი” 2018-2020 წლებში 6 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 8 ტენდერი მოიგეს. ვიქტორ ჯაფარიძის ოჯახმა და მისმა ბიზნესპარტნიორებმა მმართველ პარტიას – “ქართული ოცნებას” 2012 წლიდან დღემდე 410,000 ლარი შეწირეს”,- აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა.