კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი დანიშნა. კომისიის ინფორმაციით, ამის მიზეზი ერთი წლის განმავლობაში კანონდარღვევის აღმოუფხვრელობაა.
მათივე ინფორმაციით, „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი იმ დრომდე დაინიშნა, ვიდრე „კომპანიის კანონდარღვევით გასხვისებული წილის 49% პირვანდელ მდგომარეობაში არ დაბრუნდება და კანონის მოთხოვნა არ აღსრულდება.“
კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, „კავკასუს ონლაინში“ სპეციალურ მმართველად „ოუფენ ნეტის“ ხელმძღვანელი მარიამ სულაბერიძე დაინიშნა. მისი ხელფასი 8 000 ლარი იქნება.
მარეგულირების განცხადებით, კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან „კავკასუს ონლაინის“ ნებისმიერი მმართველობითი ორგანოს, მათ შორის, დირექტორის, სამეთვალყურეო საბჭოს, პარტნიორთა კრების მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სპეციალური მმართველის წინასწარი თანხმობის გარეშე იქნება მიღებული – იქნება ბათილი.
სპეციალურ მმართველს უფლება აქვს გაათავისუფლოს კავკასუს ონლაინის დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები. ასევე, უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს კომპანიის მიერ ბოლო 1 წლის განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებები და გარიგებები, მათ შორის წილის გასხვისებასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, სპეციალურ მმართველოს შეუძლია შეაჩეროს ან შეცვალოს მოგებისა და დივიდენდების განაწილება.
კავკასუს ონლაინი სპეციალური მმართველის დანიშვნის გამო საქართველოს მთავრობას საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება Neqsol Holding-ის მიერ კანონიერად შეძენილი აქტივის ექსპროპრეაციას წარმოადგენდა.
კომპანიაში აცხადებენ, მმართველის დანიშვნით საქართველოს წამყვან ინტერნეტ პროვაიდერზე დამყარდა სრული სახელმწიფო კონტროლი, რაც მიმართულია იმ ბიზნეს გარიგების შებრუნებისთვის.
“ეს გადაწყვეტილება არის გაგრძელება იმ დისკრიმინაციული და სელექტიური მოპრყობისა, რომელსაც საქართველოს მთავრობა საერთაშირისო ინვესტორთა მიმართ იჩენს”, წერია Neqsol Holding-ის განცხადებაში.