“დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში“ – ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების სენატორ ჯინ შაჰინის გზავნილი საქართველოს მთავრობისადმი. სენატორმა შაჰინმა კომენტარი „ამერიკის ხმას“ მადრიდის ნატოს სამიტის შემდეგ მისცა, სადაც ის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ამერიკელი კანონმდებლების დელეგაციასთან ერთად შეხვდა.
ნატოს სამიტს წინ უსწრებდა 24 ივნისის ევროპის საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. საქართველომ ევროპული პერსპექტივა და დაპირება მიიღო, რომ ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი მას შემდეგ გახდება, რაც საბჭოს 12 რეკომენდაციის შესრულებას დაიწყებს.
სენატორი შაჰინი ამბობს, რომ ესმის ქართველი ხალხის იმედგაცრუება, თუმცა აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას გარკვეულ სფეროებში, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, რეფორმების გატარება სჭირდება.
„მესმის, რომ ქართველი ხალხი, რომელიც უდიდესი უმრავლესობით მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, იმედგაცრუებული იყო იმით, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ, მაგრამ საქართველოს არა. საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია კრიტიკული რეფორმების განხორციელების მიმართულებით ევროატლანტიკური მისწრაფებების დასაწინაურებლად. მაგრამ რჩება გარკვეული სფეროები, რომლებიც პროგრესს მოითხოვს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობას შეუძლია ამ რეფორმების განხორციელებაში ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ინკლუზიური პროცესის წარმართვით, პროგრესს მიაღწიოს“.
წევრობის განაცხადის განხილვისას, ევროკავშირი აფასებს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების სტაბილურობას და დამოუკიდებლობას, ევროკავშირის ღირებულებებთან და პრინციპებთან მათ შესაბამისობას და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას. საქართველოს შემთხვევაში, ევროპული საბჭოს მიერ გაწერილ 12 პუნქტს შორის, რომელიც თბილისმა უნდა შეასრულოს, არის პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება, სასამართლო სისტემის გაუმჯობესება, მედია თავისუფლების უზრუნველყოფა და ანტი-კორუფციული ზომების მიღება. ასევე, ერთ-ერთი საკითხია „დე-ოლიგარქიზაცია“.
დე-ოლიგარქიზაცია სამივე ქვეყნისთვის წარდგენილი პირობაა. საქართველოს შემთხვევაში ის შესაძლოა მილიარდერ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს გულისხმობდეს. თუმცა, თავად პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა და ქვეყნის მართვაში მონაწილეობას აღარ იღებს. ამ შეფასებას არ იზიარებს ოპოზიცია.
სენატორი შაჰინი ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ რეფორმების განხორციელება „საუკეთესო შანსია ქართველი ხალხისთვის ეკონომიკურად აყვავებული და დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად“.
სენატში არსებულ ფართომასშტაბიან მხარდაჭერაზე დაყრდნობით, სენატორი შაჰინი აცხადებს, რომ „შეერთებული შტატების მთავრობა სიამოვნებით დაუჭერს მხარს საქართველოს საჭირო ნაბიჯების გადადგმაში. ეს არის გადამწყვეტი მომენტი საქართველოსთვის, რომ ქვეყანამ გამოიყენოს შესაძლებლობა და გადადგას ნაბიჯები საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზაზე დასაყენებლად“.
საქართველოს ამერიკელი მეგობრების თქმით,, რეფორმების პროცესის წარმატებით გატარება მხოლოდ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისთვის არ არის საჭირო. უპირველეს ყოვლისა, ის ქართველი ხალხის მოთხოვნას აკმაყოფილებს, რომლის 85 პროცენტი ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა.
ევროკავშირის გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს მთავრობა თავდაცვით პოზიციაში აღმოჩნდა. „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ ოპოზიცია უარს ამბობს თანამშრომლობაზე. ოპოზიცია კი ამბობს, რომ მთავრობა ევროსაბჭოს რეკომენდაციების გატარებას არ გეგმავს და მოლაპარაკების პროცესი მხოლოდ ზედაპირულ ხასიათს ატარებს.
ქვეყანაში, პოლიტიკურ ძალებს შორის არსებული პოლარიზაცია, უკანასკნელ პერიოდში, კიდევ უფრო გაღრმავდა. სენატორი შაჰინი მთავრობას ინკლუზიური პროცესის წარმართვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, შეერთებულ შტატებში „არსებობს ფართომასშტაბიანი ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, განსაკუთრებით რუსეთის მხრიდან უკრაინაში არაპროვოცირებული და უკანონო შეჭრის ფონზე. ქართველი ხალხი თავს დაუცველად გრძნობს და მე ვიცი, რომ შეერთებულ შტატებში არსებობს მხარდაჭერა იმისთვის, რომ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს მთავრობას, წინ წაიწიოს ინკლუზიური რეფორმების ძალისხმევა. ჩვენი გზავნილია: „დაგვეხმარეთ იმაში, რომ დაგეხმაროთ“ დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში“.
ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ქვეყნის განაცხადით იწყება, რომლის განხილვასაც ორდინალურ სიტუაციაში შესაძლოა წლები დასჭირდეს. თუმცა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდევ, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განაცხადის განხილვა დაჩქარებული წესით მოხდა. ამის შემდეგ ევროკომისია რეკომენდაციას უწევს ქვეყნის ოფიციალურ კანდიდატად გამოცხადებას ან მას სტატუსის მისაღწევად საჭირო რეფორმების ჩამონათვალს აძლევს.
ევროკომისიის რეკომენდაციას ევროპული საბჭოს დამტკიცება სჭირდება, რომელიც ბლოკის წევრი სახელმწიფოების მეთაურებისგან შედგება. კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ ქვეყანას შეუძლია გაწევრიანების გეგმაზე მოლაპარაკების დაწყება იმისთვის, რომ წევრობის კრიტერიუმი დააკმაყოფილოს. მესამე და ბოლო საფეხური კი გაწევრიანების მოლაპარაკებებია, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგაც, ქვეყანა ბლოკის წევრი ხდება.
წყარო: ამერიკის ხმა