პირველ რიგში, სტატუსიდან გამომდინარე, პრეზიდენტის მიერ სხვადასხვა ნაბიჯი, თუ კონტაქტი, რომელიც შეიძლება დაამყაროს, საკმაოდ შეზღუდულია, რადგან ის ვერ აიღებს ვერანაირ ახალ ვალდებულებას, ვერ შევა მოლაპარაკებებში, მას შეუძლია მხოლოდ ესაუბროს სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, რათა მოიპოვოს მათი მხარდაჭერა იმ პოლიტიკისთვის, რაც დეკლარირებული აქვს პარლამენტსა და მთავრობას.

მაგალითად, რა იქნებოდა დარღვევის ყველაზე მკაფიო და უკიდურესი ზომა? ნებისმიერი კონტაქტი ისეთ ქვეყნებთან, რომლებსაც მაგალითად აღიარებული აქვთ ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიები და არ ცნობს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას.

მაგალითად, ის, რაც პრემიერმა გააკეთა და რაც კონსტიტუციის დარღვევას წარმოადგენს – ჩინეთში სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერა ხელი. ეს მთავრობის მხრიდანაც დარღვევაა და ეს რომ პრეზიდენტსაც განეხორციელებინა, 52-ე მუხლის დარღვევა იქნებოდა.

საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი კონსტიტუციით განსაზღვრა, რომ საქართველოს მიზანია იყოს ევროკავშირისა და ნატოს წევრი – ეს მთავარი ხაზი უკვე განსაზღვრულია. პრეზიდენტი ვერცერთ შემთხვევაში ვერ იმოქმედებს პარლამენტის მიერ დადგენილი და მთავრობის მიერ განხორციელებული საგარეო პოლიტიკის ფარგლებს გარეთ, ეს იქნება მისგან არაკონსტიტუციური ქმედება.

პრეზიდენტის ნებისმიერი ქმედება, რომელიც საგარეო ურთიერთობების კუთხით მოიცავს კონტაქტს, მაგრამ არ მივყავართ ხელშეკრულების დადებამდე, პოლიტიკური ვალდებულების წარმოშობამდე, თუ სხვა ტიპის შედეგამდე, წარმოდგენილი საგარეო პოლიტიკის ცვლილებამდე პრეზიდენტის მხრიდან არის კანონიერი და კონსტიტუციური ქმედება

ამის შესახებ საკონსსტიტუციო სასამართლოში, იმპიჩმენტის საკითხის განხილვაზე, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა ისაუბრა.