კორონავირუსზე ტესტირება ყველა ბაზრობაზე ჩატარდება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებთ, ლილოს ბაზრობის მოვაჭრეებიდან 1415 ტესტია აღებული, საიდანაც 5 კოვიდინფიცირებული უკვე გამოვლენილია, 6-ზე კი განმეორებით, ჩაღრმავებული კვლევა მიმდინარეობს.

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ბაზრობების ტერიტორია მომატებული რისკის შემცველია ვირუსის გავრცელების კუთხით, ამიტომ ახლა დგება პროექტი, რომ PCR ტესტირება ყველა ბაზრობაზე ჩატარდეს.

„სერიოზული გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს ლილოს ბაზრობაზე, რამეთუ ლილოს ბაზრობაზე გადაიკვეთა მთელი რიგი შემთხვევები, როგორც გარდაბნის, ისე სხვა კლასტერების, ამიტომ იქ 3 დღეა დავიწყეთ ინტენსიური ტესტირება. სულ ამ ხნის განმავლობაში გამოკვლეულია 1415 ადამიანი, აქედან პირველ დღეს გვქონდა 4 დადებითი შემთხვევა, შემდეგ ერთი. 6 ნიმუშზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა განმეორებით და დღეს კიდევ 500 ნიმუშზე იქნება პასუხი. ეს ორი წერტილი – ბაზრობები და გარდაბნის მუნიციპალიტეტი გახლავთ უფრო მეტად ყურადღებამისაქცევი ადგილები ქვეყანაში, რადგან ბაზრობებზე ყველაზე მაღალია მობილობა, მაღალია ადამიანთა მისვლა-მოსვლა, ამიტომ საჭიროა მეტი ყურადღება იყოს ბაზრობებზე. გამკაცრებულია თერმოსკრინინგი, გამკაცრებულია დისტანცირება, გამკაცრებულია სანიტარული წესები. ახლა დგება პროექტი, რომ PCR ტესტირება ყველა ბაზრობაზე ჩატარდეს, რამეთუ, ხაზს ვუსვამ, რომ ბაზრობები ერთ-ერთი მომატებული რისკის ზონები გახლავთ ინფექციის გავრცელებისა“, – განაცხადა გამყრელიძემ.