კორონავირუსით, 24 წლის ნინო გულიკაშვილი გარდაიცვალა. ინფიცირებული მცხეთის ცხელების ცენტრში 6 დღის განმავლობაში მკურნალობდა თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ექიმებს გულგრილობაში და არასათანადო მკურნალობაში ადანაშაულებენ.
ტელეკომპანია “ფორმულას”გარდაცვლილის ოჯახი უყვება, რომ სიმპტომები 3 დღის განმავლობაში გამოუვლინდა. ამ პერიოდში ოჯახი სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.
ოჯახმა პაციენტის კლინიკა “ლანცეტში” გადაყვანა თავად გადაწყვიტა, თუმცა ადგილზე მისულებს კლინიკაში განუცხადეს, რომ თავისუფალი ადგილები არ ჰქონდათ და პაციენტს ვერ მიიღებდნენ.
საბოლოოდ, პაციენტი სამკურნალოდ მცხეთის ცხელების ცენტრში მიიყვანეს, რადგან შეიტყვეს, რომ კლინიკაში თავისუფალი ადგილი იყო. ცხელების ცენტრში 24 წლის ახალგაზრდა ქალი 6 დღის განმავლობაში მკურნალობდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკიდან გაწერის დღეს დამძიმდა. ახალგაზრდა ქალი სამშაბათს, 1 დეკემბერს გარდაიცვალა.