დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით მე-19 გარდაცვლილის შემთხვევაში უეცარი სიკვდილი განვითარდა, რაც დიდი ალბათობით ცხიმოვან ემბოლიასთან არის დაკავშირებული.
„სამწუხაროდ, დღეს ქვეყანაში გარდაცვალების 19 შემთხვევა გვაქვს, რაც არის 1, 33%. მე-19 ლეტალურ შემთხვევაში, რომელიც გუშინ განვითარდა, 67 წლის ქალბატონი გარდაიცვალა. მას 19 აგვისტოს დაუდასტურდა კოვიდინფექცია. ეს იყო ოჯახური შემთხვევა, ანუ ოჯახში კოვიდინფექცია 4 წევრს დაუდასტურდა და ის გახლდათ ლენჯერის კლასტერთან ე.წ. მესამეული კავშირი. ეს ქალბატონი იყო შშმ პირი, რომელსაც ჰქონდა კოკსართროზი, მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობა, რთულად გადაადგილდებოდა და გადაწყვეტილება იქნა მიღებული სახლში დაკვირვების შესახებ მის ინფიცირებულ დასთან ერთად, რადგან თვითონ კოვიდინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობდა.
სამწუხაროდ, შემთხვევა გუშინ დილას გართულდა და მისმა დამ გადაყვანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა გადაყვანა ვერ მოესწრო და უეცარი სიკვდილი განვითარდა. ის დიდი ალბათობით, დაკავშირებულია ცხიმოვან ემბოლიასთან, რომელიც საკმაოდ ხშირი გართულებაა მენჯ-ბარძაყის მოტეხილობის შემდგომ“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.