კორონავირუსის პანდემიას მსოფლიოს 23 ქვეყანაში მინიმუმ 55 ჟურნალისტი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ დამოუკიდებელი ორგანიზაცია Press Emblem Campaign (PEC) ავრცელებს, რომელიც მედიის თანამშრომელთა უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს.
Covid19–ით დაღუპული ჟურნალისტების შესახებ ანგარიში პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს მიეძღვნა, რომელიც ყოველწლიურად 3 მაისს აღინიშნება.
“ჟურნალისტების უსაფრთხოება ამ კრიზისის დროს განსაკუთრებული რისკის ქვეშ არის, რადგან მათ უნდა განაგრძონ ინფორმაციის გადაცემა შემთხვევის ადგილებიდან, გააკეთონ რეპორტაჟები საავადმყოფოებიდან, აიღონ ინტერვიუები ექიმებისგან, ექთნებისგან და პაციენტებისგან“– ნათქვამია კომუნიკეში.
ორგანიზაციის სტატისტიკით ყველაზე მეტი ჟურნალისტი პანდემიის დროს ეკვადორში გარდაიცვალა. ამ ქვეყანაში კორონავირუსს 9 ჟურნალისტი ემსხვერპლა. აშშ–ში რვა ჟურნალისტის გარდაცვალება დაფიქსირდა, ბრაზილიაში ოთხი, დიდ ბრიტანეთში სამი ჟურნალისტი გარდაიცვალა. ამდენივე გარდაიცვალა ესპანეთში. რუსეთში კი კორონავირუსით ერთი ჟურნალისტი გარდაიცვალა.