კრემლი ზელენსკის ვიზიტს ეხმაურება და ამბობს, რომ ხერსონი რუსეთის ტერიტორიაა

პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა უკრაინის პრეზიდენტის ხერსონში ვიზიტზე მოკლე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ხერსონი რუსეთის ტერიტორიაა.

”ჩვენ ამას კომენტარის გარეშე ვტოვებთ”, – თქვა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ზელენსკის ხერსონში ვიზიტის შესახებ და დასძინა, თუმცა: ”თქვენ იცით, ეს ტერიტორია რუსეთის ფედერაციის ნაწილია”.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დეოკუპირებულ ხერსონს ეწვია, სადაც ის იმ უკრაინელ სამხედროებს შეხვდა, რომლებიც ქალაქი რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს.

ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა ნატოს და სხვა მოკავშირეებს რუსეთის წინააღმდეგ ომში მხარდაჭერისთვის და თქვა, რომ შეერთებული შტატებიდან მაღალი მობილურობის სარაკეტო საარტილერიო სისტემების (HIMARS) მიწოდებას დიდი მნიშვნელობა აქვს კიევისთვის.

”თქვენ საომარი მოქმედებების ზონაში ჩამოხვედით. ახლოს მდინარე დნეპრია, რომლის მეორე ნაპირზე რუსები არიან. შეგეძლოთ პრეზიდენტის ოფისიდან მიმართვა გაგევრცელებინათ, თუმცა თქვენ ჩამოხვედით.  რატომ იყო აქ ჩამოსვლა მნიშვნელოვანი? ” – ამ კითხვით მიმართა ჟურნალისტმა ვოლოდიმირ ზელენსკის.

”გულწრფელად გეტყვით, რომ აქ ჩამოსვლა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჯარისკაცები, ჟურნალისტები, მოქალაქეები რისკავენ საომარი მოქმედებების ზონაში ყოფნით. აუცილებელია აქ ვიყოთ, ვილაპარაკოთ, ხერსონში მცხოვრებ ადამიანებს მხარი დავუჭიროთ. ჩვენ არა მხოლოდ ვსაუბრობთ, არამედ დანაპირებსაც ვასრულებთ. ვიბრუნებთ ტერიტორიებსა და უკრაინის დროშებს თავის ადგილზე ვაბრუნებთ. როგორც პოლიტიკოსს მინდა ამ ადამიანების ემოცია და ენერგია შევიგრძნო. ჩემთვის ეს მოტივაციაა.”  ამბობს ზელენსკი ჟურნალისტის პასუხად.