კრიტიკის მიღმა არ დგას არც გერმანიის ელჩი, არც ევროკავშირი, არც პატრიარქი, არც მიშა, არც ბიძინა – თამარ ჩერგოლეიშვილი

გამოცემა “ტაბულას” რედაქტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა “ღამის კურიერის” ეთერში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ კრინშის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

ჩერგოლეიშვილი მიიჩნევს, რომ მისი მედიასაშუალების მხრიდან ელჩის კრიტიკა და მის მიმართ არსებული კითხვები ლეგიტიმური იყო. ჩერგოლეიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებას გერმანიის ელჩზე თავდასხმასთან დაკავშირებით, საკუთარ თავზე არ იღებს.

“ზუსტად იცით, რომ ეს აღიქვა, დაგიდასტურათ ჰარცელმა, რომ “ტაბულას” ეხებოდა მისი წერილი? იმიტომ, რომ ჩემთვის არ გამოუგზავნია ეს წერილი. მე ევროკავშირის განცხადებას საკუთარ თავზე არ ვიღებ, იმიტომ, რომ არ მჯერა რომ ჩემი ლეგიტიმური კითხვები..[ამას გამოიწვევდა]. რომელ მედიას გულისხმობდა, აზრზე არა ვარ. ამიტომ, ევროკავშირის განცხადება მიმაჩნია ნაჩქარევ, ერთგვარ ვალის მოსახდელ განცხადებად, რადგან როდესაც დისკუსია მიდის, ცხარე დებატია ლეგიტიმურ საკითხებზე, და თქვენ დამეთანხმებით, რომ კრიტიკის მიღმა არ დგას არავინ, არც გერმანიის ელჩი, არც ევროკავშირი, არც პატრიარქი, არც მიშა, არც ბიძინა – ამაზე ხომ ვთანხმდებით, რომ კრიტიკის მიღმა არავინ დგას. საუბარია კრიტიკის ფორმებზე. თუ ადამიანის კრიტიკას ცდები და ცილს სწამებ, ეს პრობლემაა და მე ამას არ ვიზიარებ, ცილისწამებას არ ვიზიარებ არავის მიმართ, არაერთი ცილისწამების მსხვერპლი გავმხდარვარ და სხვასაც არ უნდა უსურვო ის, რასაც საკუთარ თავს არ უსურვებ. მაგრამ, ყველა კითხვა, რაც მე დავსვი, ლეგიტიმურია, ყველა შეფასება, რაც მე გავაკეთე, არის ლეგიტიმური. ამიტომ, ჩემს თავზე ევროკავშირის განცხადებას ნამდვილად არ ვიღებ. თუ თქვენ ინფორმაცია გაქვთ, რომ მე მომმართავდა ბატონი ჰარცელი, რასაკვირველია, თუმცა გერმანიის ელჩის წერილი მე დავაგზავნე ყველგან, ევროკავშირის ელჩთან, ისინი გაეცნობიან, ჩემი კითხვები მათთვისაც გასაგები იქნება, ინტერესი უზარმაზარია. მე თვითონ გამიკვირდა, იმდენი გაზიარება ჰქონდა ჩემს სტატიას. ჩემი აზრით, სასარგებლო რაღაც მოხდა, რადგან რა დისკუსიაც მიდის ახლა, ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, საზოგადოების გაჯანსაღებას დაეხმარება,”-განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის შესახებ ბოლო პერიოდში გაკეთებულ საჯარო კომენტარებთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ევროკავშირის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ:

“ვგმობთ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს ჩვენი კოლეგის, გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის, წინააღმდეგ. ყველა აქტორმა, ვინც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას, თავი უნდა შეიკავოს უპატივცემულო ხასიათის ბრალდებებისგან და დაიცვას ღირსება ყველა იმ ადამიანისა, რომელიც აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში”.

იქამდე, ონლაინ გამოცემა “ტაბულამ” გამოაქვეყნა სტატია სათაურით:”კნირში 20 ივნისზე: პოლიციამ ხალხის საქციელის პირდაპირპროპორციულად იმოქმედა”. სათაური შეიცვალა, ვინაიდან საქართველოში გერმანიის საელჩომ “ტაბულას” რედაქციას წერილით მიმართა. სადაო გახდა ის, ფრაზა “პოლიციის რეაქცია საჭიროების შემთხვევაში გადაჭარბებული არ არის”, ნიშნავს, თუ არა იმას, რომ გამოყენებული ძალა პროპორციული იყო.