ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი და აფხაზეთი ერთმანეთის მრავალსაუკუნოვანი მოკავშირეები არიან

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი  აცხადებს, რომ რუსეთი და აფხაზეთი ერთმანეთის მრავალსაუკუნოვანი მოკავშირეები არიან. ამის შესახებ, მან  მოსკოვში, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ოლეგ ბარციცთან  შეხვედრისას განაცხადა  და მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

„ეს თქვენი პირველი ვიზიტია რუსეთში ახალ რანგში, აპრილში დანიშვნის შემდეგ. წერილობითი მილოცვის გარდა, ნება მომეცით ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და პირადად გისურვოთ წარმატებები აფხაზეთის რესპუბლიკის საკეთილდღეოდ ახალ წამოწყებაში“, – განაცხადა ლავროვმა.

ლავროვის მტკიცებით, აფხაზეთი და რუსეთი არიან მოკავშირეები მრავალსაუკუნოვანი ისტორიით.

„ჩვენი ქვეყნები არიან მოკავშირეები მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, ჩვენ ახლა ვქმნით უსაფრთხოებისა და თავდაცვის ერთიან სივრცეს ჩვენი პრეზიდენტების გადაწყვეტილებების შესაბამისად და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვახდენთ აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური კანონმდებლობის ჰარმონიზაციას რუსულ კანონმდებლობასთან, რათა მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ რესპუბლიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით არსებული რესურსები და მივაღწიოთ შედეგებს, რომლებიც თვალსაჩინო იქნება საპენსიო, სამედიცინო, საგანმანათლებლო და სხვა სფეროებში“, – აღნიშნა ლავროვმა.