ლანდსბერგისი რუსეთს: შეწყვიტეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა და რუსეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

“მოვინახულეთ ადმინისტრაციული საზღვარი ოძისთან. რუსეთის მუდმივი უკანონო ბორდერიზაციისა და მძიმე სამხედრო ინვესტიციების მოწმე გავხდი. ძლიერ მხარდაჭერას ვუცხადებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM). მოვუწოდებ რუსეთს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დარღევა შეწყვიტოს”,– წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ცნობისთვის, გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოში 27 აპრილს ჩამოვიდა. გუშინ ის შეხვდა პრემიერს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრსა, პარლამენტის თავმჯდომარეს, ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ლანდსბერგისი საქართველოს დღეს დატოვებს.